ეროვნულმა ბანკმა ივნისში განხორციელებული ფულადი ტრანსფერების მონაცემები გამოაქვეყნა. როგორც ყოველთვის, ყველაზე მეტი თანხა ამჯერადაც რუსეთიდან არის გადმოგზავნილი.
მთლიანობაში, 2011 წლის ივნისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 98.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 22.1 მლნ აშშ დოლარით, ანუ 28.7 პროცენტით მეტია 2010 წლის ივნისის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ამ პერიოდში ფულადი გზავნილების მოცულობა გაიზარდა რუსეთიდან (8.8 მლნ აშშ დოლარით), ყაზახეთიდან (4.8 მლნ აშშ დოლარით), საბერძნეთიდან (3.3 მლნ აშშ დოლარით), იტალიიდან (3.0 მლნ აშშ დოლარით), აგრეთვე, ზოგიერთი სხვა ქვეყნიდან. უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 91.4 პროცენტი იმ 10 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ ივნისში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 10 ქვეყანაზე გასული წლის ივნისში მთელი ფულადი გზავნილების 92.3 პროცენტი მოდიოდა. 2011 წლის ივნისში საქართველოდან საზღვარგარეთ 7.1 მლნ აშშ დოლარი გადაიგზავნა.
საქინფორმი