სამართალი
გიგი წერეთელი: წარმოუდგენელია, სახელისუფლებო პარტიაში კრიზისები არ იყოს - ალბათ, რამდენიმე მნიშვნელოვანი ფიგურა შეიცვლება

 საქართველო, 10 იანვარი, საქინფორმი. სახელისუფლებო პარტიაში წარმოუდგენელია, რომ კრიზისები არ იყოს. წარმოუდგენელია, რომ იქ რაღაც ჯგუფები არ ებრძოდნენ ერთმანეთს, ეს გამორიცხულია ისეთ დიდ კონგლომერატში, როგორიც არის მმართველი პარტია, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი წერეთელმა „ქართულ ოცნებაში“ არსებულ ვითარებასა და ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში მობრუნების მიზეზების შეფასებისას განაცხადა.

მან პროპაგანდისტული ტყუილი უწოდა, ივანიშვილის მიერ გაკეთებულ განმარტებას იმის თაობაზე, თითქოს მმართველ პარტიაში ოპოზიციის სისუსტე აღელვებდეთ. როგორც გიგი წერეთელმა განაცხადა, პირიქით, „ქართული ოცნების“ ამოცანა ყოველთვის ოპოზიციის დასუსტებას უკავშირდებოდა.

ბიძინა ივანიშვილი, ზოგადად, ცდილობს, ენიგმატური ფიგურა იყოს, სულ გამოსაცნობი იყოს მისი ნაბიჯები და გარკვეულწილად, როგორც ვხედავთ, ეს დისკუსია საზოგადოებაში მიმდინარეობს.

ბიძინა ივანიშვილის ასეთი გადაწყვეტილება [პოლიტიკაში მობრუნება] უსაფუძვლო არ იქნება, ეჭვები და ინფორმაცია იმისა თაობაზე, რომ შიგნით დაპირისპირება არის, მე ვფიქრობ, რომ სინამდვილეს შეესაბამება. ივანიშვილიც ბევრჯერ უსვამს ხაზს, რომ არის მაშველი რგოლი, ის არის მთავარი გადაწყვეტილებების მიმღები და როცა პარტიას და გუნდს გაუჭირდება, ის გამოდის წინა ფლანგზე.

სახელისუფლებო პარტიაში წარმოუდგენელია, რომ კრიზისები არ იყოს, წარმოუდგენელია, რომ იქ რაღაც ჯგუფები არ ებრძოდნენ ერთმანეთს, ეს გამორიცხულია ისეთ დიდ კონგლომერატში, როგორიც არის მმართველი პარტია.

ამასთან, ძალიან დამცინავია საუბარი იმაზე, რომ ეს ადამიანები ფიქრობენ დემოკრატიის განვითარებაზე. როდესაც ჩვენი პარტნიორების მხრიდან ერთ-ერთ მთავარ რეკომენდაციად არის დეოლიგარქიზაცია და ინსტიტუტებთან დაკავშირებული პრობლემები, რომელ დემოკრატიულ პროცესზე ლაპარაკობენ ეს ადამიანები? რა დემოკრატიული პროცესი შექმნეს? რასაც ვუყურებ ბოლო პერიოდი, დაკავებულები არიან ოპოზიციის ლანძღვა -გინებით, რადიკალიზაციით, დევნითა და ა.შ. ამიტომ ეს არის პროპაგანდა, რომელსაც მხოლოდ მათი ამომრჩევლებისთვის აკეთებენ. ვინ დაიჯერებს, რომ გული შესტკივათ, რომ ოპოზიცია არ არის იმ ფორმაში, რომ ერთი ხელის მოსმით ეს ხელისუფლება გაუშვას და ამას წუხს „ქართული ოცნება“. ამაზე კი არ წუხს, ეს არის მათი მთავარი ამოცანა. ამიტომ ეს ყველაფერი არის პროპაგანდისტული ტყუილი“, - განაცხადა გიგი წერეთელმა.

მან ამასთან არ გამორიცხა, რომ ბიძინა ივანიშვილის დაბრუნებას „ქართულ ოცნებაში“ ცვლილებები მოხდეს, მათ შორის პრემიერ-მინისტრის დონეზე.

თუკი ბიძინა ივანიშვილმა, როგორც საპატიო თავმჯდომარემ აიღო ყველაფერი თავის ხელში და პრემიერ-მინისტრის წარდგენის უფლება აქვს, ალბათ, უნდა ვიფიქროთ სწორედ ამაზე. ჩვენ გვახსოვს როგორ გაქრა ახლანდელი პრემიერ -მინისტრი ერთხელ და შემდეგ ისევ მობრუნდა. ამიტომ, ალბათ, რამდენიმე მნიშვნელოვანი ფიგურა შეიცვლება და ეს ჩვეულებრივი ამბავია არჩევნების წინ, გუნდში რაღაც ცვლილებებს, ალბათ, გააკეთებენ და ეს ჩაითვლება როგორც მის მიერ გადადგმული ნაბიჯი“, - განაცხადა გიგი წერეთელმა.

რაც შეეხება ოპოზიციას, წერეთელი მიიჩნევს, რომ მისი ამოცანები ბიძინა ივანიშვილის ფაქტორის გათვალისწინებითაც არ შეცვლილა.

ოპოზიციისთვის წესით არაფერი არ უნდა შეიცვალოს. ვინც ნამდვილად წარმოადგენს ოპოზიციას და უნარი აქვს პოლიტიკური განსჯისა და სტრატეგიული ხედვის, ვფიქრობ, რომ მათთვის ივანიშვილი ყოველთვის არსებობდა ყველა გადაწყვეტილებებისა და მთავარი გადაწყვეტილებების მიმღებად. ამიტომ ოპოზიციის მთავარი განაცხადი, რომ ხელისუფლების შეცვლა არის მთავარი საფუძველი ყველა სამომავლო რეფორმის, პროგრესის, ნაბიჯის, რაც დაგვაახლოებს დასავლეთთან, გააძლიერებს ქვეყანას, ინსტიტუტებს, არ იცვლება, იმიტომ, რომ ოლიგარქიული სტილი არის შეუთავსებელი ამოცანებთან, რაც ჩვენს საზოგადოებას და ჩვენს ქვეყანას აქვს. ოპოზიციამ უნდა აკეთოს ის, რაც მას გააძლიერებს, რაც მას გაუფართოებს საამომრჩევლო არეალს, რაც დაახროვებს ამომრჩეველთან, დაარწმუნებს ჯერ კიდევ ბევრ ადამიანს, ვისაც არ აქვს გადაწყვეტილი, ვის მისცეს ხმა, რომ სწორედ ოპოზიციურ პარტიას მისცეს ხმა“, - განაცხადა წერეთელმა.