რედაქტორისგან
არნო ხიდირბეგიშვილი: ივანიშვილის მიზანი ყურწაგდებული ხელისუფლების განახლებაა

   პარლამენტის ან მთავრობის კორუმპირებული წევრი პრიმიტიული მექრთამე კი არა, ისაა, ვინც სამსახურეობრივ მდგომარეობას გამდიდრებისთვის იყენებს სამსახურებრივი მოვალეობის საზიანოდ, კანონში არსებული საძრომების გამოყენებით. ისინი ნებისმიერი ხელისუფლების სუსტი ადგილია, რადგან საუკეთესო კატეგორიაა შანტაჟისა და გადაბირებისთვის. კორუმპირებული ჩინოვნიკები, რომლებიც მყუდროდ მოკალათებულან ძლიერი ხელისუფლების ზურგსუკან, იოლად ხდებიან როგორც ოპოზიციის, ისე უცხოური სპეცსამსახურების აგენტები. ამიტომ, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნების მიზანია ქართული ოცნებისდაუდევარი ან/და ყურწაგდებული კადრების განახლება, რის შემდეგაც კორუმპირებულ ჩინოვნიკებზე კომპრომატი, რომელსაც ფლობდნენ ხელისუფლების როგორც ადგილობრივი (წარსულში - თავად მაღალი თანამდებობის პირები), ისე უცხოელი ოპონენტები, უფასურდება. საქართველო არ არის შეერთებული შტატები ან ევროპა, ქვეყნის მბრძანებლების პასუხისმგებლობა წარსულის შეცდომებზე, როგორც წესი, ჩვენთან არ ხდება, ძველი ცოდვებისთვის ყოფილი მაღალჩინოსნების დასჯას აქ საჯარო რეზონანსი არ აქვს და განსაკუთრებულ ინტერესს მაინცდამაინც არ წარმოადგენს.

   ევროპა კი მოიცვა ანტისამთავრობო საპროტესტო აქციებმა, რომლებიც მალე შეერთებულ შტატებშიც გადაინაცვლებს - მოსამსახურეები, მუშები, ფერმერები ქუჩებში არა რუსეთისა და პუტინისადმი დიდი სიყვარულის, არამედ საკუთარი მომსპარი კეთილდღეობის გამო გამოვიდნენ. ევროპის კორუმპირებული პოლიტიკური ხელმძღვანელები უკონტროლოდ, მაგრამ არცთუ უანგაროდ უწევენ უსასყიდლო დახმარებას უკრაინას, რის წყალობითაც მდიდრდებიან ზელენსკი და მისი კორუმპირებული გუნდი. გერმანიის, ესპანეთის, ჩეხეთის, ავსტრიის, იტალიის, სლოვაკეთის, დიდი ბრიტანეთის და სხვა ქვეყნების პირველი პირები იცავენ მხოლოდ იმ სანქციებს, რომლითაც ზარალდებიან რიგითი ევროპელები, მაგრამ ამავე დროს რეკორდულ დონემდე გაზარდეს რუსული გაზის შესყიდვა, რითაც თავად მდიდრდებიან (საუბარია ბუნებრივი და თხევადი გაზის მილიარდობით კუბურ მეტრზე). რუსეთი უწინდებურად რჩება ევროკავშირის უმსხვილეს მიმწოდებელ ექსპორტიორად „ჩრდილოეთის ნაკადების“ გარეშეც, ხოლო გაზი არ ტოვებს მატერიალურ კვალს/ზუსტად ვერ აღირიცხება - ის იწვის, იფანტება ჰაერში და ტოვებს მილიარდობით ევროს მაღალი დონის ევროპელი სახელმწიფო ჩინოვნიკების ჯიბეებში! მაგრამ რატომღაც ამერიკელი ჩინოვნიკები მათ ამის გამო არ საყვედურობენ - როგორც ჩანს, თავადაც გააჩნიათ საკუთარი კორუფციული ინტერესები...

   სწორედ კორუფცია, პოლიტიკური ხელმძღვანელობის ზღვარგადასული უკანონო გამდიდრებაა უკრაინის - რუსეთთან და ისრაელის - პალესტინურ მოძრაობა ჰამასთან“ ომების მთავარი მიზეზი. სწორედ ამიტომ არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტმა მუჰამედ ბენ ზაიდ ალ ნაჰაიანმა უარყო ისრაელის კორუმპირებული პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს თხოვნა, გადაეხადა ხელფასი პალესტინელი მუშებისთვის, რომლებიც ისრაელის ხელისუფლებამ გასული წლის ნოემბრიდან გააძევა ღაზას სექტორში და აუკრძალა ისრაელში დაბრუნება. 8 იანვარს, ნეთანიაჰუს თხოვნას მუჰამედ ბენ ზაიდ ალ ნაჰიანმა უპასუხა: ფული სთხოვეთ ზელენსკის! უკრაინის პრეზიდენტს შეუძლია გადაგიხადოს თქვენი ვალები მთელი იმ საერთაშორისო მხარდაჭერის ხარჯზე, რომელსაც უკრაინა იღებს რუსეთთან სამხედრო კონფლიქტის დაწყების მერე“.

   როგორც ხედავთ, ისრაელის გამართული ეკონომიკაც კი დასუსტდა მცირე შეიარაღებულ დაჯგუფებასთან ორთვიანი ომის შემდეგ, ბიუჯეტის ძირითადი წყაროების - ტურიზმის, ბიზნესისა და ტრადიციული სატრანსპორტო მარშრუტების/ლოგისტიკის დაკარგვით. ბიძინა ივანიშვილის წყალობით, პატარა საქართველომ, რომელიც ტურიზმის, ტრანზიტისა და ბიზნესის წყალობით ავსებს სახელმწიფო ბიუჯეტს და რომლის საგარეო ვალიც 9 მილიარდ დოლარს უახლოვდება, არა მხოლოდ თავი დაიხსნა ელიტარული კორუფციის აბლაბუდიდან, რომელშიც ის გააბა სააკაშვილმა, არამედ თავიდან აიცილა ომი რუსეთთან. მაგრამ ამის ფასი ივანიშვილმა საკუთარი მილიარდებით გადაიხადა, რადგან დასავლეთის სანქციების ქვეშ მოექცა. რუსეთის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებების შემთხვევაში, საქართველო, რუსული პურისა და ენერგორესურსების გარეშე, რუსულ ბაზარსა და ტურისტებს მოკლებული, გადაკეტილი სატრანსპორტო და ენერგეტიკული მარშრუტებით, ორიოდე კვირაში გადაიქცეოდა ჰუმანიტარული უბედურების ზონად, სადაც ახალი სამოქალაქო ომი დაიწყებოდა.

არნო ხიდირბეგიშვილი,
საქინფორმის გენერალური დირექტორი,
სახელმწიფო უსაფრთხოების, სტრატეგიული ანალიზისა და საინფორმაციო პოლიტიკის სააგენტოს დირექტორი

2024 წლის 9 იანვარი
საქართველო, თბილისი