საქართველო, 8 იანვარი, საქინფორმი. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ირაკლი ხუსკივაძემ „თიბისი ბანკში“ შეჭრის საქმეზე დაკავებულ გუგა გოცირიძეს პატიმრობა შეუფარდა.
აღნიშნულით მოსამართლემ პროკურორის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
„სათქმელისგან თავს შევიკავებ, მძიმე ფსიქოლოგიური პრობლემები მაქვს”, – განაცხადა ბრალდებულმა გუგა გოცირიძემ სხდომაზე.
მოსამართლემ ბრალდებულს მიმართა, თუკი სათქმელი ჰქონდა, განეცხადებინა.
„ბოლო დანაშაულით დაკისრებული სახდელი არ აქვს გადახდილი. ბოლო ქმედებაც ფინანსური სარგებლის მოტივაციით არის ჩადენილი.
ერთი ფინანსური სახდელი უკვე გამოყენებული იყო და, წესით, აღარ უნდა ჩაგედინათ დანაშაული”, – განაცხადა მოსამართლემ.
ბრალდების მხარე აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა. პროკურორ გიორგი ნადირაძის განცხადებით, შემდგომი დანაშაულების გაგრძელებისა და მტკიცებულებათა განადგურების საფრთხე არსებობდა. ნადირაძის განცხადებით, ყაჩაღობის მუხლი, რომლითაც გოცირიძეს ედება ბრალი, 5-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
ამასთან, ადვოკატ დავით ბარბაქაძის განცხადებით, გუგა გოცირიძე თანამშრომლობს გამოძიებასთან და აღიარებს დანაშაულს. დაცვის მხარე გირაოს შეფარდებას მოითხოვდა, თუმცა სასამართლომ ადვოკატის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
საქმეზე წინასასამართლო სხდომა 29 თებერვალს, 13:00 საათზე დაინიშნა.