სამართალი
„თიბისი“ ბანკზე თავდამსხმელი დაკავებულია – შსს

 საქართველო, 5 იანვარი, საქინფორმი. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა დააკავეს პირი, რომელიც 3 იანვარს თბილისში „თიბისი“ ბანკის ერთ–ერთ ფილიალს თავს დაესხა, იუწყება შსს–ს პრეს–სამსახური.

უწყების ცნობით, ყაჩაღობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დაკავებულია 1984 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი პირი.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული თბილისში, „თიბისი“ ბანკის ერთ-ერთ ფილიალში (ცინცაძის ქუჩაზე) შეიჭრა და იარაღის მუქარით თანხის მითვისებას შეეცადა, თუმცა განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

პოლიციამ, გატარებული საგამოძიებო მოქმედებებისა და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავა.

სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

ყაჩაღობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.