საქართველო, 28 დეკემბერი, საქინფორმი. საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალა“ „ნაციონალური მოძრაობის“ გასამართლების აუცილებლობის შესახებ კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს.
„ჰააგაში და სტრასბურგში სასამართლო პროცესების დასრულებამდე ყველა თავს ვიკავებდით ნაციონალური მოძრაობის მიერ 2008 წელს ჩადენილი დანაშაულისა და ღალატის შეხსენებისგან, რათა მათი დანაშაულის ხაზგასმას სახელმწიფოს ინტერესები არ დაეზიანებინა. თუმცა, ხელისუფლების ძალისხმევის წყალობით, სასამართლო პროცესები საქართველოს გამარჯვებით დასრულდა. ჰააგას და სტრასბურგს საერთოდ არ უმსჯელიათ ომის დაწყების საკითხზე და დაადგინეს, რომ ქართულ ჯარს 2008 წელს არც ომის დანაშაული ჩაუდენია და არც ადამიანის უფლებები დაურღვევია.
სასამართლო პროცესები დასრულდა და სამართლებრივი რისკები აღარ არსებობს, ჩვენ კი მაინც დუმილის სტრატეგია შევინარჩუნეთ, რაც არასწორია. ახლა, როდესაც ნაცმოძრაობისთვის 2008 წლის დანაშაულის შეხსენებას საქართველოსთვის არავითარი ზიანის მოტანა აღარ შეუძლია, მათ დანაშაულზე ხელის დაფარება ყოვლად გაუმართლებელია. სამშობლოს ღალატი დაუსჯელი არ უნდა დარჩეს, თუნდაც, იმისთვის, რომ ეს სასჯელი გახდეს მაგალითი ყველა იმ ადამიანისთვის, რომელსაც პატრიოტიზმის ნაკლებობამ მომავალში სამშობლოს ღალატი და მსგავსი დანაშაული შეიძლება ჩაადენინოს.
ამ ყველაფრის ფონზე, კიდევ ერთხელ გვინდა დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია, რომ ნაციონალური მოძრაობა, როგორც დანაშაულებრივი და მოღალატეობრივი პოლიტიკური ძალა, თავისი ყველა სატელიტით და მეტასტაზით, საქართველოს კონსტიტუციისა და კანონმდებლობის საფუძველზე, აუცილებლად უმკაცრესად უნდა გასამართლდეს. ვფიქრობთ, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდგომი პერიოდი იქნება საუკეთესო დრო ნაციონალური მოძრაობის გასამართლებისთვის. მხოლოდ ასეთ შემთხვევაში შეიძლება შეიქმნას მყარი გარანტია საქართველოში ე.წ. პოლარიზაციის დასასრულებლად და ქვეყნის გრძელვადიანი სტაბილური განვითარების უზრუნველსაყოფად“, - აღნიშნულია განცხადებაში.