პოლიტიკა
ხავიერ კოლომინა: საქართველოსთან ურთიერთობა ძალიან კარგ დონეზეა

 საქართველო, 26 დეკემბერი, საქინფორმი. საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში, რომელიც 24 დეკემბერს გავიდა ეთერში, ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ხავიერ კოლომინამ განაცხადა, რომ ალიანსისა და საქართველოს ურთიერთობა „ძალიან კარგ დონეზეა“,

„ჩვენ ორმხრივად ვთანამშრომლობთ და ვიყენებთ ყველა ინსტრუმენტს, რომელიც გვაქვს პარტნიორებთან სამუშაოდ. კერძოდ, საუბარი მაქვს პრაქტიკულ თანამშრომლობაზე იმ არხებით, რომლებსაც სამხედროები იყენებენ“, – განაცხადა კოლომინამ და დასძინა, რომ ნატო-საქართველოს თანამშრომლობა რიგ საკითხებს მოიცავს, მათ შორის თანამშრობას საზღვაო და კიბერუსაფრთოების სფეროში, სპეციალური ოპერაციების ძალების კუთხით, ასევე ჰიბრიდული უსაფრთხოების სფეროში.

ნატოს ღია კარის პოლიტიკის შესახებ საუბრისას, კოლომინამ კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ალიანსი ერთგულია 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების, რომელიც ადასტურებს, რომ საქართველო და უკრაინა საბოლოოდ გახდებიან ალიანსის წევრები. მისი თქმით, ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც ალიანსმა უნდა მიიღოს. ამ კონტექსტში, იგი კიდევ ერთხელ მიესალმა პრაქტიკულ თანამშრომლობას და აღნიშნა, რომ „ჩვენ გვსურს, ვიხილოთ ის რეფორმები, რომელთა განხორციელებასაც ვითხოვდით“.

2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შესახებ დასმულ კითხვაზე, სპეციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ თავად ალიანსი არ აგზავნის სადამკვირვებლო მისიებს. თუმცა, ხაზი გაუსვა, რომ ნატო იმედოვნებს, რომ არჩევნები სამართლიანი, კონკურენტუნარიანი და თავისუფალი იქნება. „ასეთი არჩევნების მოლოდინი გვაქვს საქართველოში, ისევე როგორც ყველა ჯანსაღ დემოკრატიაში“, – აღნიშნა მან.

შავი ზღვის რეგიონზე საუბრისას, კოლომინამ ალიანსისთვის მის სტრატეგიულ მნიშვნელობას, ასევე „ევრო-ატლანტიკური ზონის სტაბილურობისთვის მის უზარმაზარ მნიშვნელობას“ გაუსვა ხაზი. მისი თქმით, შავი ზღვა არის „ჩვენი სამხედრო გეგმების შემადგენელი ნაწილი და ის არის იმ დისკუსიის ნაწილი, რომელიც მოკავშირეებთან და რეგიონში პარტნიორებთან გვაქვს“.

ჟურნალისტმა კოლომინას ოჩამჩირეში რუსეთის მიერ საზღვაო ბაზის გახსნის გეგმებზეც ჰკითხა და დაინტერესდა რა საფრთხეს შეუქმნის ის ნატოს და როგორია ნატოს რეაქცია ამაზე, რაზეც კოლომინამ უპასუხა: „როდესაც ვხედავთ რუსეთის მხრიდან მცდელობას, გაზარდოს წარმომადგენლობა იმ სივრცეში, რომელიც ჩვენს უშუალო სიახლოვესაა, ეს იწვევს შეშფოთებას“. მან იქვე დასძინა, რომ „თუ ჩვენ დავინახავთ საჭიროებას, ნატო-ს ექნება შესაძლებელობა და ნება, რომ ვიმოქმედოთ, თუ ჩვენ თავს დაგვესხმებიან ან დავინახავთ, რომ ეს ჩვენ გვემუქრება“.

საუბარი ასევე შეეხო რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქეების გატაცებისა და მკვლელობის შემთხვევებს. კოლომინას თქმით, ამ კუთხით ალიანსი საქართველოს შესაძლებლობების გაძლიერებასა და შემაკავებელი გზავნილების ზრდაში ეხმარება. მან კიდევ ერთხელ გამოხატა ნატოს მკაფიო მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ.

სხვა საკითხებთან ერთად, საუბარი ასევე შეეხო სომხეთი-აზერბაიჯანის ურთიერთობებს, რა დროსაც კოლომინამ განაცხადა, რომ ნატო მხარს უჭერს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ნორმალიზებას, რაც რეგიონში უსაფრთხოებისთვის უმნიშვნელოვანესია.

„ჩემი აზრით, სომხეთმა მიიღო ძალიან მკაფიო გდაწყვეტილება, ცვლილება შეიტანოს საგარეო პოლიტიკაში და გარკვეული დისტანცირება მოახდინოს მოსკოვისგან. ეს არის ის, რასაც ჩვენც მივესალმეთ“, – განაცხადა სპეციალურმა წარმომადგენელმა. „სომხეთის მოქალაქეებს აქვთ თავისუფლება, რომ თავად მიიღონ გადაწყვეტილებები და მათ ეს გადაწყვიტეს. ჩემი აზრით, სომხეთმა უკვე დაიწყო დაახლოება ჩვენთან. ისინი ითხოვენ მეტ თანამშრომლობას, ითხოვენ მეტ პოლიტიკურ დიალოგს და ნატო-ს წარმომადგენლობის გაზრდას ჩვენს ურთიერთობებში. ჩვენ მივესალმებით ჩვენი პარტნიორების გადაწყვეტილებებს, რაც გვჯერა, რომ კარგია რეგიონის სტაბილურობისთვის და ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია“.