პუბლიკაციები
სად გადის რუსეთთან ურთიერთობების «წითელი ხაზი»?

 საქართველო, 26 დეკემბერი, საქინფორმი. საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ ბოლო პერიოდში გარკვეული დადებითი ძვრები მოხდა საქართველოსა და რუსეთს შორის. ვითარდება ვაჭრობა, ეკონომიკური და საქმიანი ურთიერთობები, პირველ რიგში კი, გამოირიცხა ახალი პროვოკაციული სამხედრო დაპირისპირება და ომი.

ის, რაც ხდება, ჯერ-ჯერობით ზედაპირული ხასიათისაა და შორს არის ორმხრივი ურთიერთობების აღდგენა-დარეგულირებისაგან, თუმცა მშვიდობას გვინარჩუნებს. საქართველოც და რუსეთიც ამ ვითარებიდან კონკრეტულ სარგებელს ღებულობენ. საქართველო-რუსეთს შორის ურთიერთობების გაუმჯობესება ხელს ასევე აძლევს აფხაზებსა და ოსებს, ვინაიდან ეს მათთვისაც მშვიდობის გარანტიას იძლევა, რაც სამომავლო განვითარებისა და ცხოვრების დონის ამაღლების საწინდარია.

თუმცა ყველას როდი ესმის ეს ელემენტარული ჭეშმარიტებები. სამწუხაროდ, ზოგიერთი პოლიტიკოსის პოპულიზმი ისე შორს მიდის, რომ მზად არის, ამ პოპულიზმს შესწიროს სახალხო ინტერესები. ამჯერად ქართულ პოლიტიკურ სპექტრზე არ გვაქვს საუბარი (ვაი რომ, ამ მხრივ ახალი არაფერია), არამედ ცხინვალელ პოლიტიკოსებზე.

ოსი პოლიტიკოსების ნაწილმა, შიდაპოლიტიკური ბრძოლის ლოგიკიდან გამომდინარე, 2019 წელს მოახდინა საქართველოსთან ე. წ. საზღვრის „დადგენის“ და კორექტირების ინიცირება. რა თქმა უნდა, კორექტირება ოსების სასარგებლოდ უნდა მომხდარიყო. დავუშვათ, ამ საქმის ინიციატორები, თავიანთი გადასახედიდან, პატრიოტული მოტივებით მოქმედებენ, მაგრამ საკითხავია - ვინ უნდა უზრუნველჰყოს მათი გაზრდილი მადა „საზღვრის“ გაფართოებისას? ვინ უნდა უდარაჯოს ამ საზღვარს და ვინ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა ყველა შედეგზე? - რა თქმა უნდა, რუსეთმა.

პოლიტიკური ვითარება მსოფლიოში და ჩვენს რეგიონშიც, 2019 წლის შემდეგ, შეიცვალა. მიმდინარეობს საომარი მოქმედებები უკრაინაში, ხოლო რუსეთი და საქართველო ერთმანეთთან მშვიდობას ინარჩუნებენ. სწორედ ამ დროს, ცხინვალში გააქტიურდნენ პოლიტიკოსები, რომლებიც სწორედ იმ პოპულისტთა კატეგორიას განეკუთვნებიან, რომელზეც ზემოთ მოგახსენეთ. ეს პოლიტიკოსები ახლა ისევ გააქტიურდნენ და დაჟინებით ითხოვენ, თავიანთი რესპუბლიკის კანონმდებლობაში ცვლილების შეტანას, საქართველოსთან „საზღვრების“ გადახედვის, სასაზღვრო ხაზების ცალმხრივად დადგენისა და გავლების მიზნით.

ბუნებრივია, თუკი ოსი დეპუტატების - გარი მულდაროვისა და დავით სანაკოევის გეგმების რეალიზება მოხდება, ეს გამოიწვევს სამართლიან გულისწყრომას საქართველოში. რუსეთი ჩაეფლობა ოსი დეპუტატების ავანტიურაში და ახდება კიევის რეჟიმის წარმომადგენლების ოცნება - საქართველო ჩათრეულ იქნას ანტირუსულ კოალიციაში. ეს არ აწყობს არც საქართველოს, არც ცხინვალის მოსახლეობასა და არც რუსეთს. მულდაროვ-სანაკოევის ტანდემი ცდილობს, რომ რუსეთის ხელისუფლება ჩააყენოს უხერხულ მდგომარეობაში, ვინაიდან მოსკოვი საქართველოსთან ურთიერთობის გამწვავებას ერიდება. ურთიერთობა კი გარანტირებულად გამწვავდება, თუკი ცხინვალი ცალმხრივად „დაადგენს“ ე. წ. საზღვრებს და უბიძგებს რუსეთის სასაზღვრო ჯარს, მოახდინოს აქამდე ფაქტობრივად არსებული სასაზღვრო ზოლის გადახედვა, ხოლო დემარკაციის შემდეგ, ამ სასაზღვრო ზოლის შეიარაღებული დაცვა ყველა შესაძლო შედეგით.

რუსეთის უმაღლესი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიანიშნეს ოს დეპუტატებს, რომ საზღვრის საკითხის ქექვა საქართველოში არასასურველ რეაქციას გამოიწვევს, რასაც შესაძლოა, რეგიონში ვითარების დესტაბილიზაცია მოჰყვეს. თუმცა, ჩვენი ინფორმაციით, მულდაროვი, სანაკოევი და კიდევ რამდენიმე დეპუტატი აგრძელებს დესტრუქციულ საქმიანობას და რუსეთის ხელისუფლების პოლიტიკას ეწინააღმდეგება.

საქართველოს ხელისუფლება, ჩვენი აზრით, ყველანაირად უნდა ეცადოს რუსეთთან კონსტრუქციული ნაბიჯების განვითარებას, მაგრამ არსებობს წითელი ხაზებიც და ასეთი წითელი ხაზი შიდა ქართლში გადის.

დავით აბესაძე