სამართალი
მამუკა ხაზარაძე: ორი ძველი პარტია უნდა დამთავრდეს, ალტერნატივა ვართ ჩვენ

 საქართველო, 25 დეკემბერი, საქინფორმი. მიზანმიმართული პოლიტიკა ვიდრე არ დამთავრდება, საქართველო, ვერასდროს, „ქართული ოცნების“ ხელში ვერ იქნება სრულად თავისუფალი და დამოუკიდებელი ქვეყანა, – ამის შესახებ პარტია „ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ პარტიის ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, არ შეიძლება იმ პოლიტიკოსების მოშვება ხელისუფლებაში, რომლებმაც დაარღვიეს ადამიანის უფლებები. როგორც ხაზარაძემ განაცხადა, ორი ძველი პარტია და ძველი მენტალიტეტი უნდა დამთავრდეს და რეალური ალტერნატივა არის პარტია „ლელო“.

გამოსავალი მხოლოდ ერთია, რომ მომავალ წელს, ვიზეიმოთ დიდი გამარჯვება რუსულ ძალაზე. ასევე, არ დაგვავიწყდეს, რომ არავითარ შემთხვევაში, არ შეიძლება იმ პოლიტიკოსების მოშვება ხელისუფლებაში, რომლებმაც უხეშად დაარღვიეს ქართველი ადამიანის, მოქალაქეების და ადამიანის უფლებები სულ რაღაც უახლოეს წარსულში. ყველა ხვდებით, ვისზეა საუბარი. არაფრით არ შეიძლება მათი მოშვება ხელისუფლებაში. ამიტომ, ეს ორი ძველი პარტია და ძველი მენტალიტეტი უნდა დამთავრდეს ამ ქვეყანაში. ამის რეალური ალტერნატივა ვართ ჩვენ, პარტია „ლელო“. ჩვენ უნდა ავიღოთ ჩვენს ხელში პასუხისმგებლობა, რომ დავამთავროთ ძველი პოლიტიკა და დავამთავროთ ის, რაც აქამდე ხდებოდა ამ ქვეყანაში. ეს არის აუცილებლად გასაკეთებელი საქმე.

მინდა, გითხრათ, რას ნიშნავს, იყოს ალტერნატივა და რას ნიშნავს, ემსახურო შენს ქართველ ხალხს. თქვენ იცით, რომ ჩვენ სამი წლის წინ დავწერეთ „მარშალის გეგმა“. ძალიან დეტალური, გასაგები და ძალიან ისეთი, რომელიც ჩვენს ქვეყანას ჰაერივით სჭირდება. მის განახლებულ ვერსიას ჩვენ შემოგთავაზებთ მომავალ წელს, მაგრამ მხოლოდ ოთხ ძირითად საკითხს გამოვყოფ, რომელიც არის უმნიშვნელოვანესი, რომელიც უნდა განვახორციელოთ ამ ქვეყნისთვის.

ერთ-ერთი საკითხი, ყველაზე მთავარი ეხება რუსებს. ჩვენმა სადეპუტატო ჯგუფმა პარლამენტში წარადგინა კანონპროექტი, ცხრა პუნქტი, რომელსაც ჰქვია „საქართველოს დაცვის აქტი“. მინდა, გაგიზიაროთ და ჩამოვთვალო თითოეული პუნქტი, გავიგო, რამდენად ეთანხმებით.

ეს კანონპროექტი რა თქმა უნდა, „ქართულმა ოცნებამ“ დაბლოკა და თაროზე შემოდო. არა მხოლოდ დაბლოკა, ძალიან დიდი აღშფოთება გამოიწვია მათ ლიდერებში, როგორ შეიძლება ამის გაკეთებაო.

პირველი პუნქტი – კანონი ხელახლა უწესებს მკაცრ ვიზებს რუსებს, რათა მათ არ წალეკონ საქართველო.

მეორე პუნქტი – საქართველოში რუსეთის ნებისმიერ მოქალაქეს უნდა შეეზღუდოს მუშაობის უფლება. ჩვენ გვჭირდება მეტი სამუშაო ადგილი ქართველებისთვის.

მესამე პუნქტი – ვერცერთი რუსი ვერ იყიდის ჩვენს მიწას, ვიდრე რუსეთი ოკუპანტია.

მეოთხე პუნქტი – საქართველოში რუსული ნომრების მანქანების შემოყვანა/რეგისტრაცია უნდა აიკრძალოს.

მეხუთე პუნქტი – ჩვენ ავკრძალავთ რუსული კომპანიების საქართველოს სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობას. ქართული ოცნება ჩვენი გადასახადის გადამხდელებისგან მოსკოვში მილიონებს აგზავნის. ეს უნდა შევაჩეროთ.

მეექვსე პუნქტი – ჩვენ დავაწესებთ დამატებით გადასახადებს რუსული ბიზნესისთვის და შევუერთდებით ევროკავშირის სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ, რათა რუსეთმა გადაიხადოს ფასი სხვა ქვეყნებში შეჭრისთვის.

მეშვიდე პუნქტი – ჩვენ ავკრძალავთ საქართველოში რუსული ფონდების მუშაობას, რომლებიც რუსეთის დეზინფორმაციისა და ოკუპაციის პროცესის ნაწილია.

მერვე პუნქტი – ჩვენ ავკრძალავთ საქართველოში რუსული ტელეარხების მაუწყებლობას. ქართული ოცნება თვლის, რომ კარგია, მივცეთ ჩვენს ოკუპანტებს ჩვენი ხალხის გონების მოწამვლის ლიცენზია. ჩვენ ვამბობთ, რომ ეს არის ძალიან ცუდი და უნდა აიკრძალოს.

მეცხრე პუნქტი – ჩვენ დაუყოვნებლივ შევწყვეტთ პირდაპირ ფრენებს რუსეთთან.

დიდი მადლობა, დარწმუნებული ვიყავი, რომ ასეთი მხარდაჭერა ექნებოდა ჩვენს ინიციატივას. ამავე დროს, მინდა გითხრათ, რომ „ქართული ოცნების“ უარყოფითი რეაქცია ამასთან დაკავშირებით ძალიან დიდი სიხარულით იქნა მხარდაჭერილი დუმაში. ამაზე მეტი ლუსტრაცია არ არსებობს, როცა შენ აძლევ ოკუპანტს, რომელსაც შენი ქვეყნის ტერიტორიები აქვს ნაყიდი, შენი ქართული მიწის მიყიდვის საშუალებას. მარტო ეს არის საკმარისი, რათა მივხვდეთ რანაირი ტიპის ხელისუფლება გვყავს“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.