საქართველო, 25 დეკემბერი, საქინფორმი. კანდიდატის სტატუსი არის ერთი ეტაპის წარმატებით დასრულების და ახალი ეტაპის დასაწყისი, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური შაბათი – მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
მინისტრმა უპასუხა წამყვანის შეკითხვას, რა შესაძლებლობებს აძლევს ქვეყანას კანდიდატის სტატუსი და რა მიზნები, თუ გამოწვევები გაჩნდა მთავრობის ეკონომიკური გუნდისთვის კანდიდატის სტატუსთან ერთად.
„კანდიდატის სტატუსის მიღება პირველ რიგში, არის ქვეყნის გამარჯვება. ჩვენ ვაჩვენეთ, რომ საქართველო არის ერთგული რეფორმების, თავისი ევროატლანტიკური არჩევანის მიმართ და საბოლოოდ, მივიღეთ კანდიდატის სტატუსი, რომელიც არის ერთი ეტაპის წარმატებით დასრულების და ახალი ეტაპის დასაწყისი. ეს ქართველი ხალხის ისტორიულ არჩევანია, რომ ჩვენ გვინდა ევროპის ოჯახში, თუმცა, გარდა სიკეთეებისა, ამას თან ახლავს ბევრი გამოწვევა“, – განაცხადა დავითაშვილმა.
მისი თქმით, ქვეყანა, ევროკავშირთან ინტეგრაციის კუთხით, ძალიან მნიშვნელოვან ეტაპზე გადადის, რადგან კანდიდატი ქვეყნები გადადიან ევროპასთან თანამშრომლობის ახალ რეჟიმში.
„ახლა იწყება ევროკავშირის მიერ ე.წ გაწევრიანების წინა ინსტრუმენტის მესამე ფაზა, რომელიც არის არსებული კანდიდატი ქვეყნებისთვის მრავალმილიარდიანი დახმარების პაკეტი, რომ ამ ქვეყნებმა შეძლონ რეფორმების წარმატებით დასრულება და ქვეყნის განვითარება იმ დონეზე, რომ ისინი ევროკავშირის ქვეყნებს კიდევ უფრო დაუახლოვდნენ და მოემზადონ საბოლოო სრულყოფილი წევრობისთვის. ეს არის წვდომა მნიშვნელოვან ფონდებზე, სხვადასხვა მიმართულებით და ეს არის შესაძლებლობები ქვეყნებისთვის, თუმცა დიდწილად, დამოკიდებულია ქვეყნების მომზადებაზე, რამდენად მოახერხებენ ისინი ამ ფონდებზე წვდომას საინტერესო პროექტებით. ბევრი მიმართულებით არის საჭირო რეფორმების გატარება“, – განაცხადა დავითაშვილმა.
ამასთან, დავითაშვილმა აღნიშნა, რომ სახელმწიფო მეწარმეობის განვითარების მიმართულებით წლიდან-წლამდე ასობით მილიონ ლარს ხარჯავს, რათა ქართული პროდუქცია ევროპულ ბაზარზე უფრო კონკურენტუნარიანი იყოს.
შეკითხვაზე, რამდენად შედეგიანი ეს დანახარჯი და არის თუ არა მზაობა ბიზნეს სექტორის მხრიდან, დავითაშვილმა განაცხადა, რომ დღეს არსებობს ხელმისაწვდომობა ფინანსურ რესურსებზე და ცოდნაზე, რომ ბიზნესის შესაძლებლობები განვითარდეს, მოხდეს ბიზნესის ადაპტაცია და საერთაშორისო მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანა.
„ევროკავშირის ბაზარი ეს არის 500-მილიონიანი მაღალი მსყიდველობითი უნარის, მაღალკონკურენტუნარიანი ბაზარი და სტანდარტები, რომელსაც ეს ბაზარი მოითხოვს ბევრი ქვეყნისთვისაც ასევე საჭირო სტანდარტებია. რა თქმა უნდა, გრძელვადიან პერსპექტივაში ბიზნესებს სჭირდებათ ადაპტაცია ამ მოთხოვნებზე. ამიტომ, მეტი დიალოგი და სახელმწიფოს მხრიდან მოთხოვნებთან ერთად, დახმარების მექანიზმების გაჩენა აუცილებელია. ბიზნესი დაგვეთანხმება, რომ დღეს არსებობს ხელმისაწვდომობა ფინანსურ რესურსებზე და ცოდნაზე, რომ ბიზნესის შესაძლებლობები განვითარდეს, მოხდეს ბიზნესის ადაპტაცია და საერთაშორისო მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანა. ამაში ქვეყანას გამოცდილება დაუგროვდა. ეს არ არის მხოლოდ ბიზნესის მხრიდან დასაკმაყოფილებელი პირობები, ქვეყანაშიც უნდა არსებობდეს შესაბამისი კონტროლის მექანიზმები და შესაბამისობის დამადასტურებელი სისტემა, იგივე სტანდარტიზაციის კუთხით. ამ კუთხით, საკმაო პროგრესი გვაქვს“, – განაცხადა დავითაშვილმა.
მისივე თქმით, ახლა უნდა ჩამოყალიბდეს დამატებითი დღის წესრიგი ახალი ვალდებულებების და გეგმის, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს და რაც უკვე კანდიდატის სტატუსიდან გამომდინარეობს.
„ასოცირების ვალდებულებების ნახევარზე მეტი უკვე შესრულებული აქვს საქართველოს და ამ კუთხით, ჩვენ ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა ვართ კანდიდატ ქვეყნებს შორის. საქართველოს საკმაოდ დიდი პროგრესი აქვს საკანონმდებლო დაახლოების კუთხით, თუმცა დამატებითი ვალდებულებები რეგულაციების შესაბამისობაში მოყვანასთან დაკავშირებით, ევროდირექტივების ლოკალიზაციის კუთხით ქვეყანას უხდება უკვე კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ და ამაზე შესაბამისი სტრუქტურები, მათ შორის, ჩვენი სამინისტრო, ევროკომისიასთან ერთად მუშაობენ, რომ გვქონდეს განახლებული გეგმა, რა უნდა გააკეთოს ქვეყანამ, რათა კანდიდატის სტატუსი უკვე სრულფასოვან წევრობაში გადაიზარდოს“, – განაცხადა დავითაშვილმა.
მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, გაიზრდება თუ არა სტატუსის მიღების შემდეგ ევროპული კომპანიების მხრიდან მსხვილ პროექტებში, მათ შორის, ანაკლიის პორტის მშენებლობაში მონაწილეობის ინტერესი, ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ ევროპასთან ინტეგრაციის პროცესი დამატებით კარგი გზავნილია ინვესტორებისთვის.
„რა თქმა უნდა, ჩვენ ველოდებით, რომ ევროპელი ინვესტორებიც გვეყოლება მსხვილ პროექტში და ისინი მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა ეტაპზე, მაგრამ ეს არის ზოგადად საინვესტიციო გარემოსთვის საკმაოდ პოზიტიური სიგნალი. ეს გზავნილი იქნება იგივე სხვა ქვეყნების ინვესტორებისთვის, აზიელი, ახლო აღმოსავლეთის, ცენტრალური აზიის და ა.შ ინვესტორებისთვის. სხვადასხვა ინვესტორს მოვიაზრებთ“, – განაცხადა დავითაშვილმა.