როგორც საქინფორმის კორესპონდენტი სამეგრელოს რეგიონში ზუგდიდიდან გვატყობინებს, 15 ივლისს ყოველწლიურად ზუგდიდში ვლაქერნობა აღინიშნება. ვლაქერნა ძველად სტამბოლის კუთხეს ეწოდებოდა, სადაც აშენებული იყო ვლაქერნის ღვთისმშობლის ეკლესია, სადაც ესვენა ღვთისმშობლის ხატი. ეს ხატი საბერძნეთის კეისარმა მისცა ქართველ ერს მეშვიდე საუკუნეში. „ქართლის ცხოვრების“ მიხედვით, ხატი მე-17 საუკუნეში მიითვისა გიორგი გურიელმა, 1895 წელს კი სამეგრელოს მთავრინა ნინოს სურვილისამებრ, ეს ხატი წაასვენეს პეტროგრადში და მიართვეს იმპერატორ ალექსანდრე მეორეს, რომელმაც იგი ძვირფასად შეამკო და კვლავ სამეგრელოს დაუბრუნა. ამიტომაცაა დადიანების ეკლესია ვლაქერნის ღვთისმშობლის სახელობის.
2(15) ივლისი ტაძრის დღესასწაულია. ამ დღეს მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სამოსელის ვლაქერნაში დადების დღესასწაულს. ეს არის დღესასწაული ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიისა, რადგან ღვთის განგებით ზუგდიდში ინახება ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სამოსელი – მსოფლიო ქრისტიანობის უდიდელი სიწმინდე, და ამ დღეს ყველა მართლმადიდებელს აქვს შესაძლებლობა, ემთხვიოს ღვთისმშობლის სამოსელს.
ყოველი წლის 15 ივლისს ზუგდიდში ვლაქერნის ღვთისმშობლის ხატის ეკლესიასა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე მრავალი სტუმარი და ადგილობრივი მცხოვრები იყრიდა თავს, იყვნენ უცხოელი მღვდელმსახურებიც, მაგრამ წლეულს, რატომღაც, ხალხი შეთხელდა.
ვლაქერნის ღვთისმშობლის ხატი ამჟამად თბილისში ინახება. საზოგადოება „ზუგდიდელი“ რამდენიმე წელია, ითხოვს, ხატი კვლავ თავის ძველ ადგილსამყოფელს დაუბრუნდეს, მაგრამ – ამაოდ.
საქინფორმი