პოლიტიკა
კობახიძე: ზურაბიშვილი „ნაცმოძრაობის" პრეზიდენტია

 საქართველო, 13 დეკემბერი, საქინფორმი. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წარმომადგენლებს საერთო არაფერი აქვთ სალომე ზურაბიშვილის ღონისძიებაზე, რომელიც ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პრეზიდენტია, განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.

პრეზიდენტმა ორბელიანის სასახლეში 13 დეკემბერს ხელისუფლების წარმომადგენლები, მათ შორის, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი მიიწვია. ამ დღეს ის ევროკავშირის ქვეყნების ელჩებისთვის პეტიციაზე ხელმოწერების გადაცემას აპირებს, რომლებიც კამპანიის „ჩვენი ხმა ევროპას" ფარგლებში შეგროვდა.

ჩვენ არაფერი გვესაქმებანაცმოძრაობის" პრეზიდენტის ღონისძიებაზე, მით უმეტეს, რომ იგი აგრძელებს კონსტიტუციის უხეშ დარღვევას. ასეთი ადამიანის ღონისძიებებზე, რა თქმა უნდა, არ და ვერ მივალთ", - განაცხადა კობახიძემ.

მისი თქმით, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში სალომე ზურაბიშვილი საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხის საბოტაჟს ახორციელებდა.

დღემდე ვერ ათქმევინა ვერავინ სალომე ზურაბიშვილს, რომ საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს. რა გვინდა ასეთი ადამიანის ღონისძიებაზე?!“ - აღნიშნა კობახიძემ.

ევროკომისიამ 8 ნოემბერს გამოაქვეყნა ანგარიში საქართველოს მიერ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად აუცილებელი 12 რეკომენდაციის შესრულების შესახებ - ევროკომისიამ ევროპულ საბჭოს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციით მიმართა. საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს, თუ ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის ლიდერი მხარს დაუჭერს ევროკომისიის გადაწყვეტილებას. გადაწყვეტილებას 2023 წლის 14-15 დეკემბერს მიიღებენ.

მმართველმა პარტიამ 2023 წლის ოქტომბერში სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურის მხარდასაჭერად ხმების საკმარისი რაოდენობა ვერ შეაგროვა მიუხედავად საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებისა, რომ მან საქართველოს კონსტიტუცია დაარღვია საზღვარგარეთული ვიზიტების დროს. მაშინ მმართველმა პარტიამ იმპიჩმენტის საკითხს საჭირო 100 ხმის ნაცვლად 86 ხმა მოაგროვა.

სალომე ზურაბიშვილი საქართველოს პრეზიდენტი 2024 წლის შემოდგომის ბოლომდე იქნება. მმართველი პარტია „ქართული ოცნების" ლიდერები, რომელთა მხარდაჭერითაც ზურაბიშვილმა 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა, დღეს აცხადებენ, რომ ის ოპოზიციას შეუერთდა.