საქართველო, 13 დეკემბერი, საქინფორმი. გამომდინარე იქიდან, რომ ევროკომისიას აქვს გაცემული რეკომენდაცია კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით და ეს ყველაფერი არის დაკავშირებული მოსახლეობის 80%-ზე მეტის ნებასთან, უალტერნატივოა ჩვენი ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისი თქმით, დანარჩენი ყველაფერი არის სპეკულაციები და დარწმუნებულია, რომ საქართველოს მიენიჭება კანდიდატის სტატუსი.
„ყველამ ვიცით, რა ვითარებაც არის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით, ევროკომისიას აქვს გაცემული რეკომენდაცია ევროპული საბჭოს მიმართ, რომლის თანახმადაც, საქართველოს უნდა მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი. რაც შეეხება უკრაინას და მოლდოვას, მათთან დაკავშირებით არის რეკომენდაცია, რომ უნდა გაიხსნას მოლაპარაკებები. უნგრეთს აქვს განსხვავებული პოზიცია უკრაინასთან დაკავშირებით და ამის შესახებ, ბუნებრივია, გაგრძელდება მოლაპარაკებები ევროკავშირსა და უნგრეთს შორის. ეს არის ევროკავშირისა და უნგრეთის საქმე, რაშიც ჩვენ, ბუნებრივია, ვერ ჩავერევით. უნგრეთს აქვს თავისი ინტერესი, პოზიციები და ამის გარშემო წარიმართება მოლაპარაკებები ევროკავშირთან, თუმცა ამან არავითარ შემთხვევაში არ უნდა შეაფერხოს ჩვენი ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება. გახსოვთ, შარშან უკრაინას მიენიჭა კანდიდატის სტატუსი, არავის უცდია არც ქვეყნის შიგნით, არც ქვეყნის გარეთ, ეს ყველაფერი დაეკავშირებინა საქართველოს თემასთან, როცა გაიმიჯნა საქართველო. რა თქმა უნდა, წელსაც საქართველოს საკითხი არის საქართველოს საკითხი, უკრაინის საკითხი არის უკრაინის საკითხი და მოლდოვის საკითხი არის მოლდოვის საკითხი. გამომდინარე იქიდან, რომ ევროკომისიას უკვე აქვს გაცემული რეკომენდაცია კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით და გამომდინარე იქიდან, რომ ეს ყველაფერი არის დაკავშირებული მოსახლეობის 80%-ზე მეტის ნებასთან, უალტერნატივოა ჩვენი ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება. მე მგონია, დანარჩენი ყველაფერი არის სპეკულაციები, დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს მიენიჭება კანდიდატის სტატუსი“, – განაცხადა კობახიძემ.