პოლიტიკა
ჯოზეფ ბორელი: კარგი ახალი ამბავია, რომ საქართველო წინ მიიწევს ევროკავშირის წევრობისკენ

 საქართველო, 12 დეკემბერი, საქინფორმი. კარგი ახალი ამბავია, რომ საქართველო წინ მიიწევს ევროკავშირის წევრობისკენ, მოვუწოდებ, გააგრძელოს ამ გზით სიარული, – ამის შესახებ განცხადება საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა ბრიუსელში გააკეთა, სადაც დღეს ევროკავშირის წევრი საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომა და „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტერიალი იმართება.

ბორელის თქმით, აღმოსავლეთ პარტნიორობის საგარეო საქმეთა მინისტერიალზე განიხილება ის სირთულეები, რომლებიც ამ რეგიონში არსებობს.

ძალიან ბევრი რამ მოხდა მსოფლიოს ამ ნაწილში. ბელარუსის ადგილი იქნება ცარიელი. ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, რათა მოვახდინოთ ლუკაშენკოს რეჟიმის იზოლაცია და მხარი დავუჭიროთ დემოკრატიულ ძალებს. მთელი აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონი არის რთულ სიტუაციაში. მათ შორის ბელარუსი, უკრაინა, ასევე კავკასია. კარგი ახალი ამბავი არის, რომ საქართველო წინ მიიწევს ევროკავშირის წევრობისკენ, მაგრამ სიტუაცია სომხეთში მოითხოვს ჩვენგან ძლიერ მხარდაჭერას და ვნახოთ, როგორ შეიძლება ეს მხარდაჭერა გავზარდოთ და როგორ უნდა დავტოვოთ აღმოსავლეთ პარტნიორობა დღის წესრიგში, რადგანაც ეს ჩვენი აღმოსავლეთ საზღვარია. ჩვენი აღმოსავლეთის საზღვარი არის ადგილი, სადაც ცხელი წერტილები იზრდება“, – განაცხადა ბორელმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, იქნება თუ არა ეს კვირა წარმატებული საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების კუთხით, ბორელმა ასე უპასუხა:

საქართველო კარგად მუშაობს. ყველა ანალიზი და წინადადება ევროკომისიისგან იყო ძალიან პოზიტიური. მე მოვუწოდებ საქართველოს, გააგრძელოს ამ გზით სიარული“, – განაცხადა ბორელმა.