სამართალი
თბილისის თიზ-ში, აზერბაიჯანული ინვესტიციით, ლიფტების წარმოება დაიწყება - სოსო ნიბლაძე

 საქართველო, 8 დეკემბერი, საქინფორმი. თბილისის თავისუფალი ინდუსტრიულ ზონაში, აზერბაიჯანული ინვესტიციის ლიფტების წარმოება დაიწყება.

ამის შესახებ BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ თბილისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის მფლობელი და ადმინისტრატორი კომპანია „ზოტი ჰოლდინგის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა და მმართველმა პარტნიორმა სოსო ნიბლაძემ განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, პროექტის საინვესტიციო ღირებულება, დაახლოებით, 3 მლნ ლარია და 50 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება.

ლიფტების საწარმო თბილისის თიზ-ის ტერიტორიაზე, დაახლოებით, 3000 კვადრატულ მეტრ ფართობზე მოეწყობა.

ჩვენ უკვე შევძელით თბილისის თიზ-ში ოთხი-ხუთი ახალი პროექტის მოზიდვა, რომელთაგან ერთ-ერთია სატვირთო და სამგზავრო ლიფტების წარმოება. აზერბაიჯანულ კომპანიასთან მოლაპარაკებები ორი კვირის წინ დავასრულეთ. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ასეთი ტიპის საწარმო საქართველოში არ არსებობს, - თქვა სოსო ნიბლაძემ.

ამასთან, თბილისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის მფლობელმა „წერტილთან“ ინტერვიუში ისიც აღნიშნა, რომ „ზოტი ჰოლდინგის“ მენეჯმენტი ცდილობს, ინვესტორებს მაქსიმალური კომფორტი შეუქმნას და გარკვეული ინფრასტრუქტურის შექმნაში ინვესტიციებს კომპანიაც დებს.

"ჩვენ გადავწყვიტეთ, მაქსიმალურად მრავალფეროვანი შეთავაზება გავუკეთოთ ინვესტორებს, ამიტომ დავიწყეთ ინფრასტრუქტურის მომზადება - ეს არის სხვადასხვა ტიპის მულტიფუნქციური შენობა-ნაგებობა როგორც სასაწყობე დანიშნულებით, ისე სამეწარმეო საქმიანობის ხელშესაწყობად, ასევე, ადგილზე კომუნიკაციების მოწესრიგება და .. შედეგად, როდესაც აზერბაიჯანული კომპანია შემოვიდა თიზ-ში, შეაფასა ინფრასტრუქტურის მდგომარეობა, შემდეგ, რა თქმა უნდა, გარკვეული კორექტირება მოვახდინეთ და მათ ინტერესებს მოვარგეთ შენობა-ნაგებობის ნაწილი, დაახლოებით, 3000 კვ/ ფართი, სადაც ლიფტების წარმოებას დაიწყებენ, - აღნიშნა სოსო ნიბლაძემ.