უცხოეთი
უკრაინას ახალი მტერი გამოუჩნდა ანუ სოლიდარობით "დაღლილები" - "თუ კიევი აშშ-ს დახმარების გარეშე დარჩება, მას ნელი და წამებით დამარცხება ელის"

 საქართველო, 6 დეკემბერი, საქინფორმი. ბრიტანულ „ეკონომისტში“ (The Economist) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „უკრაინის ახალი მტერი: დასავლეთის დაღლილობა“. როგორც მასალაშია აღნიშნული, „დასავლეთის დახმარების გარანტია უკრაინას თავის ტკივილად გადაექცა: აშშ-ის პოლიტიკური წრეები პარალიზებულნი არიან გაურკვევლობითა და ერთმანეთთან დაპირისპირებით, რაც ხელს უშლის კიევისადმი დახმარების ახალი პაკეტის დამტკიცებას. ევროპაში ძალას იკრებენ ის პოლიტიკოსები, რომლებიც უკრაინისადმი სოლიდარობას ეწინააღმდეგებიან“. რა პერსპექტივა ელოდება უკრაინას?

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

ომის 600 დღის განმავლობაში ამერიკა უკრაინისათვის მთავარ მფარველ-გადამრჩენლის როლს ასრულებდა - ვაშინგტონს პენტაგონის საწყობებიდან გამოჰქონდა იარაღი, ხაზინიდან ფული და კიდევ ბევრი სხვა რამ, რასაც კიევში გზავნიდა რუსების შეტევების მოსაგერიებლად. მაგრამ ახლა ამერიკა უკრაინისათვის თითქმის მთავარ თავის ტკივილად გადაიქცა. ამერიკის მიერ გამოყოფილი დახმარება ინტენსიური საომარი მოქმედებების გამო სწრაფად თავდება, ახალი დახმარების პაკეტი კი, კონგრესში კანონმდებლებს შორის არსებული უთაბხმოების გამო, ჯერ კიდევ უმოძრაოდ დევს. არავინ არ იცის ზუსტად, როდის გაიგზავნება კიევში იარაღი, ფული და ომისათვის აუცილებელი სხვა ატრიბუტები. და საერთოდ გაიგზავნება კი?

ამერიკა ცდილობს ეკონომიურად გამოიყენოს თავისი რეზერვები, მაგრამ ეს უკრაინის უზრუნველყოფაზე უარყოფით გავლენას ახდენს. აშშ-ის დახმარების შესუსტების ეფექტი უკვე ჩანს ფრონტის წინა ხაზზე: „ადრე ამერიკული სამხედრო დახმარება მდინარესავით მოდიოდა, ახლა კი მხოლოდ ნაკადულივით ჩანს", - ამბობს ერთ-ერთი უკრაინელი წყარო.

უკრაინა ბნელი ზამთრისა და დიდი გაურკვევლობის წინაშე დგას: კონტრშეტევა ჩაიშალა, კიევის ჯარმა რუსული თავდაცვითი ზღუდეები ვერ გაარღვია, მტერი იარაღს აგროვებს, რუსული სამხედრო ქარხნები განუწყვეტლივ მუშაობენ, ეკონომიკა სამხედრო რელსებზეა გადასული და ამ დროს უკრაინის საკვანძო მოკავშირის - აშშ-ის პოლიტიკური წრეები ერთმანეთთან შეხლა-შემოხლით არიან დაკავებულნი და ვაშინგტონი დამატებით ისრაელ-„ჰამასის“ ომზეა გადართული.

აშშ-ის თავდაცვის მინისტრი ლოიდ ოსტინი, როცა კიევში 20 ნოემბერს იმყოფებოდა, უკრაინელებს დაპირდა, რომ „ახლაც და მომავალში თქვენს გვერდით ვდგავართო“. მაგრამ ლოიდ ოსტინმა მშვენივრად იცის, რომ აშშ-ის ადმინისტრაციის ბედი კონგრესის ხელშია - ფედერალური ხაზინის ფულს ამერიკელი კანონმდებლები, როგორც თვითონ მოისურვებენ, ისე განკარგავენ. როგორც ცნობილია, კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში ძლიერია რესპუბლიკური იზოლაციონისტური ფრთა, თვითონ პალატის სპიკერიც რესპუბლიკელია. ისინი წინააღმდეგნი არიან, რომ უკრაინას დახმარება პირველ რიგში გაეწიოს: მათთვის ახლა მთავარია ისრაელისადმი მხარდაჭერა, უკრაინამ კი უკანა პლანზე გადაინაცვლა, მეორე თუ მესამე რიგში. სხვათა შორის, წარმომადგენელთა პალატამ ორჯერ ისე დაამტკიცა აშშ-ის ადმინისტრაციის დაფინანსება (ე.წ. „შატდაუნის“ ბიუჯეტების სახით), რომ მასში უკრაინის დახმარების საკითხი არ შეტანილა. მართალია, კონგრესის ზედა პალატას - სენატს, სადაც დემოკრატები ჭარბობენ, შეუძლია ქვედა პალატის გადაწყვეტილებების განბლოკვა მოახდინოს, მაგრამ პროცესი დროს მოითხოვს და საკმაოდ რთულია.

რაც უფრო დიდხანს გრძელდება შეფერხებები, აშშ-ში მით უფრო მეტად არიან პარტიები დაკავებული წინასაარჩევნო ციებ-ცხელებით. თუ ქრისტეშობამდე დემოკრატები და რესპუბლიკელები ვერ მოილაპარაკებენ და ვერ შეთანხმდებიან უკრაინის შესახებ, მაშინ დახმარების გაწევის საკითხი 2024 წლის არჩევნებამდე იქნება გადადებული... და თუ არჩევნებში დონალდ ტრამპი გაიმარჯვებს, შეიძლება უკრაინის მაცოცხლებელი დახმარება სრულიად შეწყდეს. „დრო ჩვენს მხარეზე არაა“, - შუბლშეკრულმა გამოსცრა ერთ-ერთმა პროუკრაინულად განწყობილმა სენატორმა.

უკრაინის ლიდერები კატეგორიულად უარყოფენ იმის იდეას, რომ ამერიკა უკრაინას ოდესმე მიატოვებს. „მე არ მჯერა, რომ ასეთი რამ მოხდება“, - ამბობს ანდრეი ერმაკი, ვოლოდიმირ ზელენსკის მთავარი თანაშემწე. მან ხაზი გაუსვა, რომ უკრაინას ამერიკაში ძლიერი ორპარტიული მხარდაჭერა აქვს.

აშშ-ის გამოთვლით, ვაშინგტონი კიევს, ომის დაწყებიდან, 75 მილიარდი დოლარით დაეხმარა, ევროპელები კი 100 მილიარდით. ამასთან, ამერიკას, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ისრაელ-„ჰამასის“ ომისა და ტაივანის სავარაუდო კრიზისის გათვალისწინებით, რეზერვების პრობლემა აღელვებს: პენტაგონს სურს, რომ ხელშეუხებელი რეზერვი მუდმივად იყოს შენარჩუნებული.

ნიშანდობლივია, რომ უკრაინისათვის აშშ-ის პრეზიდენტის დახმარების პაკეტები თვიდან თვემდე მცირდება: თუ ადრე, წინა თვეებში, პრეზიდენტის პირადი დახმარების პაკეტი 5 მილიარდ დოლარს აღწევდა ხოლმე, ოქტომბერში პაკეტი 350 მილიონამდე შემცირდა, ხოლო ნოემბერში - 250 მილიონამდე.

რაც შეეხება ევროპის დახმარებას: ევროკავშირის საგარეოპოლიტიკური უწყების ხელმძღვანელმა ჟოზეპ ბორელმა კონტინენეტს მოუწოდა, რომ უკრაინაზე ზრუნვის ნაწილი საკუთარ თავზეც აეღოთ, მაგრამ ევროკავშირის წევრ ზოგიერთ ქვეყანას განსხვავებული პოზიციები აქვთ, მაგალითად, უნგრეთს და სლოვაკეთს, რომლებიც კიევის დასახმარებლად „თავს არ იკლავენ“. პოლონეთსაც პრობლემები გაუჩნდა უკრაინასთან მიმართებით. ასე რომ, უკრაინელებს ძალიან ადარდებთ, ვაითუ ამერიკის გარეშე ევროპელებმა სულმოკლეობა და სიმხდალე გამოიჩინონო.

ფრონტზე საარტილერიო დუელი ინტენსიურად და უწყვეტად გრძელდება. უკრაინელი არტილერისტები „ჭურვებით შიმშილს“ გრძნობენ. აშშ-ის კარნეგის ფონდის ექსპერტის მაიკლ კოფმანის გამოთვლით, თუ ზაფხულში უკრაინელები ყოველთვიურად 240 ათასზე მეტს ჭურვს ისროდნენ, ამჟამად მხოლოდ 80-90 ათასს. მაგრამ განა ევროპა შეძლებს უკრაინის არმიისათვის თუნდაც 80 ათასი ჭურვის მიცემას? ვერ შეძლებს, რადგანაც ევროპულ სამხედრო ქარხნებს ასეთი პოტენციალი არ აქვთ. რუსეთს ამ მხრივ უკეთეს მდგომარეობაშია: თვითონაც ბევრ საბრძოლო მასალას აწარმოებს და დამატებით ჭურვებს ჩრდილოეთ კორეიდანაც ყიდულობს.

რასაკვირველია, თავის მხრივ, უკრაინაც ცდილობს საკუთარი სამხედრო მრეწველობის განვითარებას, რომელიც ოდესღაც საბჭოთა კავშირში ყველაზე ძლიერი იყო და საკმაოდ მაღალტექნოლოგიური დონე ჰქონდა. მაგალითად, კიევი ნელ-ნელა აწყობს 155 მილიმეტრიანი ჭურვების (ნატოს სტანდარტით) გამოშვებას, მაგრამ... „ჩვენ როგორც არ უნდა ვეცადოთ, საკმარის რაოდენობას მაინც ვერ გამოვუშვებთ, ისევ დასავლეთზე ვიქნებით დამოკიდებულნი“, - აღიარებს ერთ-ერთი კიეველი სამხედრო მაღალჩინოსანი.

თუ ამერიკული დახმარება კიდევ უფრო შესუსტდება, უკრაინას წინ არასასიამოვნო პერიოდი ელოდება. არმია ვერ შეძლებს კიდევ ერთი კონტრშეტევის განხორციელებას. „უკრაინისათვის გაკვეთილი უნდა იყოს ზაფხულის ბრძოლები და დასკვნა გამოიტანოს. კიევმა თავდაცვა უნდა გააძლიეროს. თუ თავდაცვა ძლიერია, მაშინ ბევრად ცოტა ჭურვი დაიხარჯება“, - ამბობს ექსპერტი მაიკლ კოფმანი.

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი იქადნებოდა, რომ დასავლეთის დახმარების გარეშე უკრაინა სწრაფად, ერთ კვირაში განადგურდებოდა. როგორც ჯეკ უოტლინგი ამბობს ლონდონის თავდაცვითი კვლევების სამეფო ინსტიტუტიდან, „აშშ-ის დაუხმარებლად უკრაინა მართლაც დამარცხდება, მაგრამ დამარცხების პროცესი სწრაფი კი არ იქნება, „არამედ ნელი და თანაც წამებით“.

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძრვანელი ანდრეი ერმაკი ჯეკ უოტლინგის პროგნოზს პირქუში ფატალიზმით უარყოფს და ამბობს: „ჩვენ არჩევანი გავაკეთეთ და გამარჯვებისთვის ვიბრძოლებთ. რა თქმა უნდა, თუ ამერიკა დახმარებას გაგვიგრძელებს, ჩვენი გამარჯვება სწრაფი იქნება და მეტ ჯარისკაცთა სიცოცხლეს გადავარჩენთ“.

kvirispalitra.ge