საქართველო, 5 დეკემბერი, საქინფორმი. რუსეთის ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკის, ინგუშეთის მთავრობამ განაცხადა, რომ „რუსეთ-საქართველოს ბიზნეს საბჭოში“ შეხვედრა გამართა, რომელიც საქართველოსა და ინგუშეთს შორის ტურისტული და კულტურული კავშირების განმტკიცებას მიეძღვნა. ინგუშეთის მთავრობამ 1 დეკემბერს განაცხადა, რომ ღონისძიებაზე „ორივე ქვეყნის ხელისუფლებისა და ტურისტული ინდუსტრიის წარმომადგენლები შეიკრიბნენ, მათ შორის რუსეთის ფედერაციის ეკონომიკური განვითარების სამინისტროს, კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და მდგრადი ტურიზმი განვითარების ეროვნული ფონდისა და სხვა სტრუქტურების დელეგაციები“. რუსული მხარის მონაწილეების ხსენებისას, ინფორმაციაში არ არის ნახსენები, ვინ იყვნენ ქართველი მონაწილეები.
რუსეთ-საქართველოს ბიზნეს საბჭო 2023 წლის თებერვალში დაარსდა და რუსეთის ოფიციალურ პირებთან ერთად აერთიანებს ბიზნესმენებს, რომლებიც რუსეთში ქართულ დიასპორას წარმოადგენენ. ოფიციალური ჩანაწერების მიხედვით, საბჭოს ხელმძღვანელობს იური ბალაშოვი, შპს „ინოვაციური კომპანია RUMB“-ის გამგეობის თავმჯდომარე. კომპანია, რომელიც რუსეთის ქალაქ დუბნაში 2019 წელს დაფუძნდა, არის პატარა კომპანია, რომელიც ძირითადად სანავიგაციო, მეტეოროლოგიური და გეოდეზიური აღჭურვილობის წარმოებაზე მუშაობს.
„საბჭომ განიხილა ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის სხვადასხვა ასპექტები, მათ შორის ინფრასტრუქტურის განვითარება, მომსახურების გაუმჯობესება, ინვესტიციების მოზიდვა, ტურისტული მარშრუტების ხელშეწყობა და რეგიონებს შორის პარტნიორული პროგრამები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ტურიზმის სფეროში გამოცდილების და საუკეთესო პრაქტიკის გაცვლას კულტურული კავშირების გაძლიერებისა და ტურისტების ნაკადის გაზრდის მიზნით“, – ნათქვამია ინგუშეთის მთავრობის განცხადებაში.
„დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი დღევანდელი შეხვედრა რუსეთ-საქართველოს ბიზნეს საბჭოს ფარგლებში იქნება მნიშვნელოვანი ნაბიჯი ჩვენს ხალხებს შორის კულტურული დიალოგისა და ურთიერთგაგების განვითარებისკენ“, – განაცხადა რუსეთ-საქართველოს ბიზნეს საბჭოს ხელმძღვანელმა, იური ბალაშოვმა.
მიუხედავად იმისა, რომ ინგუშეთის ხელისუფლების ოფიციალურ პრეს-რელიზში ეს დეტალი გამოტოვებულია, მედიაში გავრცელებული ფოტომასალის მიხედვით, შეხვედრას რუსეთში ქართული დიასპორის ხელმძღვანელი დავით ცეცხლაძეც ესწრებოდა.
„1994 წლის 26 მაისს ამიერკავკასიის გზის მშენებლობაზე მომუშავე 8 ქართველი მუშა დახვრიტეს ინგუშეთის მთებში (ფოტოზე). ეს იყო მიზანმიმართული ტერორისტული აქტი ახალი გზის მშენებლობისთვის ხელის შესაშლელად. ეს „მეგობრობის“ გზა ადრე თუ გვიან, მიუხედავად ყველა არაკეთილმოსურნისა, მაინც აშენდება. პ.ს. ტერორისტული ჯგუფი არა ინგუშეთიდან, არამედ სხვა რეგიონიდან იყო“, – წერს ცეცხლაძე სოციალურ ქსელში იმ ფოტოს აღწერაში, რომელიც სავარაუდოდ 1 დეკემბერს გამოქვეყნდა და გარდაცვლილი მუშების მემორიალის წინ არის გადაღებული.
საბჭოს შეხვედრას ესწრებოდნენ რუსეთის მაღალჩინოსნები. ინგუშეთის მთავრობის ოფიციალური ინფორმაციით, ღონისძიებას ესწრებოდნენ ინგუშეთის პირველი ვიცე-პრემიერი ოლეგ ფურსოვი, რუსეთ-საქართველოს ბიზნეს საბჭოს თავმჯდომარე იური ბალაშოვი (რომელიც საქართველოს 2023 წლის მარტში ესტუმრა და ორ ქვეყანას შორის პირდაპირი ფრენების აღდგენას, ბიზნესმენებისთვის სავიზო რეჟიმის გამარტივებას, ასევე ზემო ლარსის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე პერიოდული რიგების გამო, საქართველოს სატრანზიტო პოტენციალის განვითარებას ლობირებდა), რუსეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ვიცე პრეზიდენტი ვლადიმირ პადალკო, რუსეთის ფედერაციის ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მრავალმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობისა და სპეციალური პროექტების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, იგორ მაქსიმოვი, რუსეთის ტურიზმის ინდუსტრიის კავშირის ვიცე პრეზიდენტი დმიტრი გორინი, ინგუშეთის რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი რადმილა ნალგიევა, ინგუშეთის რესპუბლიკის მთავარი ფედერალური ინსპექტორი ვიტალი სმირნოვი და სხვები.
მანამდე, 19 სექტემბერს, რუსეთ-საქართველოს ბიზნეს საბჭომ ვლადიკავკაზში გამართა სხდომა. სავაჭრო პალატის ვიცე-პრეზიდენტმა ვლადიმირ პადალკომ ხაზი გაუსვა საქართველოსთან და საქართველოს გავლით სატრანსპორტო კავშირების გაფართოების აუცილებლობას, ხოლო ადგილობრივი მედია იუწყებოდა, რომ საქართველო „მსოფლიოს ლოჯისტიკური ჰაბი“ ხდება.
რეგიონში ინფრასტრუქტურის განვითარება და, კერძოდ, რუსეთ-საქართველოს დამაკავშირებელი ახალი გზის მშენებლობა, იყო მედიაში გაჟონილი იმ სავარაუდო სატელეფონო საუბრის საგანი, რომელიც 2023 წლის თებერვალში რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს, გრიგორი კარასინსა და რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერმინისტრის სპეციალურ წარმომადგენელს, ზურაბ აბაშიძეს შორის შედგა. აბაშიძემ აუდიო ჩანაწერის ავთენტურობა დაადასტურა.