საქართველო, 4 დეკემბერი, საქინფორმი. საქართველოში სერიოზულად ვუდგებით კლიმატურ კრიზისებთან გამკლავების როლს და მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით ამ მიმართულებით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დუბაიში მიმდინარე გაერო-ს კლიმატის ცვლილების 28-ე კონფერენციის მსოფლიო ლიდერთა სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, გარემოზე ზემოქმედების შერბილებისა და ადაპტაციის ღონისძიებებისთვის წელს საქართველოში სახელმწიფო ბიუჯეტიდან 500 მილიონ აშშ დოლარზე მეტი გამოიყო.
„ჩემთვის დიდი პატივი და პრივილეგიაა, მოგმართოთ საქართველოს მთავრობისა და ხალხის სახელით. მსურს, უღრმესი მადლობა გადავუხადო მის უმაღლესობას, შეიხ მოჰამედ ბიზ ზაიდ ალ ნაჰიანს, არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტს გულუხვი სტუმართმოყვარეობისა და დუბაიში ამ მნიშვნელოვანი სამიტის მასპინძლობისთვის.
არაბთა გაერთიანებული საამიროები მართლაც არის ტექნოლოგიური ინოვაციებისა და მოდერნიზაციის, კრეატიულობისა და პროგრესის სამაგალითო ქვეყანა გლობალური მასშტაბით. ახლა ის კლიმატის მდგრადობის ძალისხმევასაც თაოსნობს.
კლიმატის ცვლილების თვალხილული ეფექტი, რომელიც სულ უფრო მძიმდება და დამანგრეველ გავლენას ახდენს როგორც ადამიანებზე, ისე გარემოზე, დაჩქარებულ ძალისხმევას მოითხოვს კლიმატის ცვლილებებისადმი მდგრადობის უზრუნველსაყოფად. ამიტომ, მტკიცედ მწამს, რომ კლიმატურ კრიზისებთან გასამკლავებლად რამდენიმე ძირითადი საერთაშორისო ძალისხმევა უნდა შენარჩუნდეს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ესენია:
2030 წლისთვის გლობალური ემისიების განახევრება და 1.5°C ზღვრული ოდენობის შენარჩუნება პარიზის შეთანხმების შესაბამისად; ზარალისა და ზიანის ფონდში შენატანების თანამიმდევრული განხორციელება; ჩარჩო სისტემის შემუშავება კლიმატის ადაპტაციის გლობალური მიზნის მისაღწევად.
ასევე, უნდა შესრულდეს კლიმატის ცვლილებებთან გამკლავებისთვის ძალისხმევის დაფინანსების დაპირება წელიწადში 100 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობით. კლიმატის ცვლილებებთან ადაპტაციის მიზნით განხორციელებული ძალისხმევის დაფინანსების გაორმაგების თაობაზე ნაკისრი ვალდებულებაც უნდა შესრულდეს.
საქართველოში სერიოზულად ვუდგებით კლიმატურ კრიზისებთან გამკლავების როლს და მნიშვნელოვანი ნაბიჯები უკვე გადავდგით ამ მიმართულებით. გარემოზე ზემოქმედების შერბილებისა და ადაპტაციის ღონისძიებებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 500 მილიონ აშშ დოლარზე მეტი გამოიყო წელს საქართველოში. უფრო მეტიც, ეროვნული ინფრასტრუქტურის განვითარება უკვე ითვალისწინებს დაბალი ნახშირბადის და კლიმატის ცვლილებებთან ადაპტაციის ღონისძიებებს, რაც წელიწადში 300 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.
ჩემი მთავრობა მხარს უჭერს იდეას, რომლის თანახმადაც, ევროპა გახდება პირველი კონტინენტი ატმოსფერული ემისიების ნულოვანი ნაშთით. ყოველივე ამის გათვალისწინებით, გრძელვადიანი სტრატეგია დავამტკიცეთ ქვეყანაში მცირე ემისიების უზრუნველსაყოფად, ხოლო „ნახშირბადისადმი ნეიტრალიტეტი“ 2050 წლის მნიშვნელოვან სამიზნე ორიენტირად გამოვაცხადეთ. საქართველო ასევე კისრულობს ვალდებულებას გლობალურ ძალისმევაში წვლილის შესატანად 2025 წელს წარმოადგინოს ახალი და უფრო ამბიციური ეროვნული გეგმა.
ასევე, სიამოვნებით აღვნიშნავ, რომ საქართველოში მოხმარებული ელექტროენერგიის თითქმის 85% განახლებადი წყაროებიდან მოდის. თუმცა მისი წილის შემდგომი გაზრდა ჩვენს სტრატეგიულ პრიორიტეტად რჩება და მოხარული ვარ განვაცხადო, რომ საქართველო უერთდება გაერთიანებული ერების კლიმატის ცვლილებებთან გამკლავების 28-ე კონფერენციის გლობალურ დაპირებას განახლებადი რესურსებისა და ენერგოეფექტიანობის შესახებ“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის თქმით, მტკიცედ უჭერს მხარს გაერთიანებული ერების კლიმატის ცვლილებებთან გამკლავების 28-ე კონფერენციის თავმჯდომარე ქვეყნის ხედვას განახლებადი ენერგორესურსების გაზრდის შესახებ, რათა ეტაპობრივად მოხდეს წიაღისეული საწვავის ჩანაცვლება.
„მიმაჩნია, რომ ოფიციალურმა მოლაპარაკებამ შედეგად უნდა მოიტანოს 2030 წლისთვის განახლებადი ენერგორესურსების გასამმაგებისა და ენერგოეფექტიანობის გაორმაგების ვალდებულება, წიაღისეული საწვავის ჩანაცვლების უწყვეტ პროცესთან ერთად.
დაბოლოს, იმედი მაქვს, გაერთიანებული ერების კლიმატის ცვლილებებთან გამკლავების 28-ე კონფერენციის ფარგლებში ჩვენ შევძლებთ, მოვემზადოთ უნიკალური მომენტისთვის და შევასრულოთ ჩვენი დანაპირები – უფრო ნათელი, ჯანმრთელი და მწვანე მომავალი შევუქმნათ მომდევნო თაობებს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.