უცხოეთი
ვოლოდიმირ ზელენსკი - ვშიშობ, ისრაელისა და „ჰამასის“ ომი დაჩრდილავს უკრაინაში კონფლიქტს, არ უნდა მივცეთ ადამიანებს საშუალება, დაივიწყონ უკრაინაში ომი, ჩვენ ვიბრძვით ყურადღებისთვის

 საქართველო, 4 დეკემბერი, საქინფორმი. უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, შიშობს, რომ ისრაელისა და „ჰამასის“ ომი დაჩრდილავს უკრაინაში კონფლიქტს, რადგან კონკურენტული პოლიტიკური დღის წესრიგი და შეზღუდული რესურსები საფრთხეს უქმნის კიევისთვის დასავლური სამხედრო დახმარების ნაკადს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა „ესოშიეითიდ პრესთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ რუსეთთან ომი ახალ ეტაპზეა და ზაფხულის კონტრშეტევის შემდეგ, რომელმაც სასურველი შედეგი ვერ მოიტანა იარაღისა და სახმელეთო ძალების გრძელვადიანი დეფიციტის გამო, ზამთარი, სავარაუდოდ, გაართულებს ბრძოლას.

„ჩვენ გვაქვს ომის ახალი ეტაპი და ეს ფაქტია. ზამთარი მთლიანად ომის ახალი ეტაპია“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, კმაყოფილი იყო თუ არა კონტრშეტევის შედეგებით, უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა:

„შეხედეთ, ჩვენ უკან არ ვიხევთ, კმაყოფილი ვარ. ჩვენ მსოფლიოში მეორე საუკეთესო არმიით ვიბრძვით და კმაყოფილი ვარ, თუმცა ჩვენ ვკარგავთ ხალხს და მე ამით არ ვარ კმაყოფილი. ჩვენ არ მივიღეთ ყველა ის იარაღი, რაც გვინდოდა, რითიც ვერ ვიქნები კმაყოფილი, მაგრამ ასევე არ შემიძლია ზედმეტად პრეტენზიის გამოთქმა. არ არის საკმარისი ძალა სასურველი შედეგის სწრაფად მისაღწევად, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა დავნებდეთ. დარწმუნებული ვართ ჩვენს ქმედებებში. ჩვენ ვიბრძვით იმისთვის, რაც ჩვენია“, – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ორიენტირებულია იარაღის შიდა წარმოების გაზრდაზე და ახლა ეძებს დასავლელ მოკავშირეებს, მათ შორის აშშ-ს, რათა შესთავაზონ ხელსაყრელი სესხები და კონტრაქტები ამ მიზნის მისაღწევად.

ზელენსკის თქმით, ფოკუსის ცვლილებამ, შეიძლება, გამოიწვიოს მისი ქვეყნისთვის ნაკლები ეკონომიკური და სამხედრო დახმარება.

„ჩვენ უკვე ვხედავთ საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების გადატანის შედეგებს ახლო აღმოსავლეთში მომხდარი ტრაგედიის გამო. ამას მხოლოდ ბრმები არ აღიარებენ. ჩვენ არ უნდა მივცეთ ადამიანებს საშუალება, დაივიწყონ უკრაინაში მიმდინარე ომი. ჩვენ ვიბძრვით ყურადღებისთვის“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, რამდენ ხანს შეუძლია, თავად ზელენსკი გაუმკლავდეს ომში მყოფი ქვეყნის ლიდერობას, უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ სიტყვები არ არსებობს იმის გამოსახატავად, თუ რამდენად რთულია, მაგრამ თანამდებობის დატოვება ვერ წარმოუდგენია.

„გულწრფელად გეტყვით, არ შემიძლია ამის გაკეთება. ეს იქნება ძალიან უსამართლო, არასწორი და ყველასთვის აუცილებლად დემოტივაცია იქნება“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

1tv.ge