სამართალი
„ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის რაიონული ორგანიზაციების თავმჯდომარეები ლევან ხაბეიშვილის გადადგომას მოითხოვენ

 საქართველო, 30 ნოემბერი, საქინფორმი. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარეები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, აუცილებელია პარტიაში მოხდეს სრული გადატვირთვა და გადავიდეს საგანგებო რეჟიმზე.

სამწუხაროდ, ბოლო 10 თვის განმავლობაში პარტიის თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილისა და მოქმედი მენეჯმენტის მიერ გადაიდგა მთელი რიგი არასწორი ნაბიჯები, რომელიც არ ემსახურებოდა პარტიის ერთიანობას და მის გაძლიერებას, რამაც პარტიაში გამოიწვია მძიმე პოლიტიკური კრიზისი. მოახლოებული 2024 წლის გადამწყვეტი საპარლამენტო არჩევნების წინ, რუსულ რეჟიმთან წინააღმდეგ ბრძოლისა და ერთიანი ძალებით მოქმედებისათვის, როგორც დროებითი ღონისძიება, აუცილებლად მიგვაჩნია პარტიაში მოხდეს სრული გადატვირთვა და პარტია გადავიდეს საგანგებო რეჟიმზე. კერძოდ: 1. დაუყოვნებლივ გადადგეს პარტიის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი, შეუწყდეს უფლებამოსილება არადემოკრატიული წესით შექმნილ პოლიტსაბჭოს და შეიქმნას გადაწყვეტილების მიმღები მმართველი ორგანო ე.წ. „თანხმობის საბჭო“ (და არა საკონსულტაციო საბჭო), რომლის უფლებამოსილებებში გაერთიანდება პარტიაში მოქმედი პოლიტსაბჭოს, სამდივნოსა და თავმჯდომარის უფლებამოსილებები; 2. „თანხმობის საბჭო“ დაკომპლექტდეს პარიტეტული პრინციპით, რომელიც ყველა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას მიიღებს მაღალი ლეგიტიმაციით; 3. უახლოეს პერიოდში მოწვეულ იქნეს პარტიის ყრილობა, რომელზეც მოხდება „საბჭოს“ დამტკიცება და შესაბამისი ცვლილებების შეტანა პარტიის წესდებაში, როგორც დროებითი ღონისძიება, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების ჩათვლით“, – ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, 28 ნოემბერს რამდენიმე რაიონის საკრებულოებში „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის წევრებმა განცხადებები გაავრცელეს, სადაც პარტიის თავმჯდომარეობიდან ლევან ხაბეიშვილის გადადგომას ითხოვენ.