აქტუალური
როგორც საქინფორმს „თავისუფალი საქართველოს“ კახეთის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ, გამგეობის წევრმა გიორგი მოსიაშვილმა აცნობა, „უკვე ორი თვეა, კახეთის მოსახლეობას აკრძალული აქვს ტყით სარგებლობა“.
„რეგიონის მოსახლეობა შეშფოთებულია იმ აკრძალვით, რომელიც დააწესა სატყეო სამსახურებმა. მოსახლეობა ითხოვს კანონის შესაბამისად ნებართვის გაცემას ტყით სარგებლობაზე, მაგრამ ყველა მუნიციპალიტეტის ყველა სატყეო დაწესებულებაში ერთსა და იმავე პასუხს სცემენ, რომ მათ მიიღეს დირექტივა ტყის დაკეტვასთან დაკავშირებით. სხვა განმარტებას აღნიშნული სამსახურები არ იძლევიან, რეალურად კი საქმე გვაქვს კონკრეტული ჩინოვნიკების მხრიდან კორუფციულ ინტერესებთან. მაგალითისთვის მოვიყვან თელავის მუნიციპალიტეტს. გასულ წელს ამავე დროს ამავე მეთოდით აიკრძალა სათბობი შეშის გამოტანა ტყიდან, რის გამოც შეიქმნა დეფიციტი. ამან საბოლოო ჯამში გაზარდა ფასები. აკრძალვამდე თუკი ერთი კუბური მეტრი შეშა ღირდა 35 ლარი, აკრძალვის შემდეგ მისმა ფასმა კუბურ მეტრზე შეადგინა 60 ლარი, შემდეგ გამოცხადდა „ტენდერი“, რომელშიც „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა აკაკი კუკუნაშვილმა გაიმარჯვა. მან გაჭირვებული მოსახლეობა მოამარაგა სათბობი შეშით, თუმცა უკვე გაზრდილი ფასების მიხედვით (კუბურ მეტრზე 63 ლარი)“, – აცხადებს მოსიაშვილი.საქინფორმი