უცხოეთი
ენტონი ბლინკენმა ილჰამ ალიევთან და ნიკოლ ფაშინიანთან ორ ქვეყანას შორის სამშვიდობო შეთანხმების შესაძლებლობა განიხილა

 საქართველო, 29 ნოემბერი, საქინფორმი. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა აზერბაიჯანის პრეზიდენტთან და სომხეთის პრემიერ-მინისტრთან ორ ქვეყანას შორის სამშვიდობო შეთანხმების შესაძლებლობა განიხილა.

როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსამსახური იუწყება, ენტონი ბლინკენმა ილჰამ ალიევთან და ნიკოლ ფაშინიანთან ტელეფონით ისაუბრა.

მათივე ცნობით, ფაშინიანთან საუბრისას აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა დაადასტურა სომხეთის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა. პრესრელიზის თანახმად, ილჰამ ალიევთან ენტონი ბლინკენმა ისაუბრა იმ შედეგებზე, რომლებიც ხანგრძლივმა კონფლიქტმა მოუტანა როგორც აზერბაიჯანელებს, ისე სომხეთს და ხაზი გაუსვა იმ სარგებელს, რომელსაც მშვიდობა მოუტანს რეგიონს.

ამასთან, პრესრელიზში ნათქვამია, რომ ბლინკენმა ალიევთან საუბარში აღნიშნა აზერბაიჯანისა და აშშ-ის ურთიერთობებში ბოლოდროინდელი „პრობლემური საკითხები და ხაზი გაუსვა თანამშრომლობის განმტკიცების შესაძლებლობებს, განსაკუთრებით, სამშვიდობო პროცესში“.

მანამდე, აზერბაიჯანის პრეზიდენტის მრჩეველმა, ჰიკმატ ჰაიჯიევმა არ გამორიცხა, რომ ერევანასა და ბაქოს შორის მოლაპარაკებები ევროკავშირისა და აშშ-ის შუამავლობის გარეშე დასრულდეს.

1tv.ge