სამართალი
ასლან ბჟანია: სომხეთის ხელისუფლება დასავლეთის გავლენით, აკეთებს განცხადებებს, რომლებიც ეწინააღმდეგება აფხაზეთის მოსახლეობის მიერ არჩეულ გზას, რესპუბლიკა განვითარდეს, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო

 საქართველო, 28 ნოემბერი, საქინფორმი. სომხეთის რესპუბლიკის დღევანდელი ხელისუფლება დასავლეთის გავლენით, აკეთებს განცხადებებს, რომლებიც ეწინააღმდეგება აფხაზეთის რესპუბლიკის მოსახლეობის მიერ არჩეულ გზას, განვითარდეს როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო, - ასე უპასუხა ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლა ფაშინიანის განცხადებას, რომელმაც მხარი დაუჭირა საქართველოს ერთიანობას, სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას, დამოუკიდებლობასა და დემოკრატიას.

ასლან ბჟანიას თქმით, სომხეთის მთავრობის მეთაურის ეს განცხადებები ძირეულად ეწინააღმდეგება აფხაზეთის რესპუბლიკის სუვერენიტეტის ფაქტს. მან სომხეთის პრემიერს, ასევე, შეახსენა, რომ სომეხ ხალხს, რომელმაც წარსულ ტრაგედიებს თავი სწორედ აფხაზეთს შეაფარა, პატივისცემით ეპყრობიან.

დღეს სომხური კომუნის წევრები აფხაზეთში ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებში არიან წარმოდგენილები, სომხური ენა და კულტურა მხარდაჭერილია ხელისუფლების მხრიდან, თავისუფლად ფუნქციონირებენ სომხური ეკლესიის სტრუქტურები. სომხეთს აფხაზეთში აქვთ ყველაფერი რისი გარანტირებაც ვერ შეძლო ნიკოლ ფაშინიანმა ყარაბაღის სომხებისთვის, რომლებიც გატარებული პოლიტიკის შედეგად სახელმწიფოებრიობის ნგრევის და მშობლიური მიწიდან წასვლის წინაშე აღმოჩნდნენ. მეტიც, ნიკოლ ფაშინიანის პოლიტიკის შედეგი იყო თავად სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა“, - განაცხადა აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ.

ასლან ბჟანია მიიჩნევს, რომ არსებული ვითარების გათვალისწინებით „ერთიანობა, სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობა და დემოკრატია“ არის მახასიათებლები, რომლებიც ყველაზე მეტად სწორედ აფხაზეთს შეესაბამება. დე ფაქტო პრეზიდენტმა სომხეთის პრემიერს მოუწოდა უარი თქვას აღნიშნულ რიტორიკაზე და ანგარში გაუწიოს საქმის ფაქტობრივ ვითარებას თავისი საგარეო პოლიტიკის რეალიზაციის დროს.