აქტუალური
ირაკლი კობახიძე: როგორც 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულების დროს, ჩვენ ახლაც ვამზადებთ სამოქმედო გეგმას ევროკომისიის ცხრა პრიორიტეტის შესასრულებლად

 საქართველო, 23 ნოემბერი, საქინფორმი. დღევანდელი ფორმატი მნიშვნელოვანია არა მხოლოდ იმიტომ, რომ ევროკავშირის ერთ-ერთი მოთხოვნაა, მაქსიმალური დიალოგი შედგეს ხელისუფლებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შორის, არამედ ასევე მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის, რომ მსგავს ფორმატებში წარიმართოს დისკუსია ყველა იმ საკითხზე, რომელიც ჩვენი ქვეყნის განვითარებას შეეხება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ კონფერენციაზე – „საქართველოს გზა ევროკავშირისკენ“ განაცხადა.

ირაკლი კობახიძემ შეხვედრის მონაწილეებს ევროკომისიის მიერ მიღებული დადებითი გადაწყვეტილება მიულოცა.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროკომისიამ დადებითი რეკომენდაცია გასცა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით. ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ სამ კვირაში საბჭო უკვე დაადასტურებს და საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს. მათ შორის, ეს მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ქვეყანაში პოლარიზაციის ხარისხი შემცირდეს. რა თქმა უნდა, შორს ვარ იმ ილუზიისგან, რომ საქართველოში ამით დასრულდება პოლარიზაცია, თუმცა, დარწმუნებული ვარ, კანდიდატის სტატუსის მინიჭება მნიშვნელოვან როლს შეასრულებს საქართველოში პოლარიზაციის შემცირების თვალსაზრისით, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია წინასაარჩევნო პერიოდში. საპარლამენტო არჩევნებამდე ერთ წელზე ნაკლები პერიოდია დარჩენილი და მნიშვნელოვანია, რომ ეს არჩევნები მეტ-ნაკლებად მშვიდ გარემოში ჩატარდეს“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის განცხადებით, კანდიდატის სტატუსის მისაღებად ქვეყანამ განაცხადი ოცი თვის წინ შეიტანა და 2022 წლის 3 მარტიდან ხელისუფლებამ მასშტაბური სამუშაოები განახორციელა.

ძალიან რთული 20 თვე გამოვიარეთ. თავიდან დაიწყო მუშაობა განაცხადის თანმხლებ დოკუმენტებზე, შემდეგ იყო ივნისის ძალიან სამწუხარო გადაწყვეტილება, რასაც საზოგადოებაში და ხელისუფლების წარმომადგენელთა შორის მღელვარება მოჰყვა. ჩვენთვის ეს გადაწყვეტილება ძალიან მძიმე იყო. ასევე მძიმე იყო ის, რომ გადაწყვეტილება ხელისუფლების შეცვლის მცდელობისთვის იქნა გამოყენებული და ყველას გვახსოვს ის პროცესები, რომლებიც ივნისში განვითარდა და რომელიც ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას მოჰყვა. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით ჩვენ ნეგატიურ კამპანიას ვხედავდით და მასთან გვიწევდა ბრძოლა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.