სამართალი
ასლან ბჟანია მზადაა გადადგას შემხვედრი ნაბიჯი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან ბიჭვინთაში სააგარაკე შენობების რუსეთის ფედერაციისთვის გადაცემით (ვიდეო)

 საქართველო, 22 ნოემბერი, საქინფორმი. აფხაზეთის ლიდერმა ასლან ბჟანიამ 17 ნოემბერს განაცხადა, რომ მზადაა საბჭოთა დროინდელი ბიჭვინთის აგარაკის რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისთვის გადაცემით მასთან შემხვედრი ნაბიჯი გადადგას. ბჟანიამ ეს განცხადება სტუდენტთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით აფხაზ სტუდენტებთან შეხვედრაზე გააკეთა (ვიდეოს იხ. აქ).

ბიჭვინთის აგარაკის გადაცემის სტატუსისა და ე.წ. აპარტამენტების შესახებ კანონის გარშემო არსებული უთანხმოების შესახებ კითხვა შეხვედრაზე მყოფმა ერთ-ერთმა სტუდენტმა დასვა.

ბჟანიამ განმარტა, რომ ბიჭვინთის საკითხი ეხება შენობებისა და ნაგებობების საკუთრებაში გადაცემას და არა იმ მიწის, რომელზეც ისინი დგას, და დასძინა, რომ საუბარია ამ შენობებისა და ნაგებობების რეკონსტრუქციისა და კაპიტალური რემონტის საჭიროებაზე [რედ.- კომპლექსი მოიცავს 4000 კვ.მ].

ბჟანიამ ხაზი გაუსვა, რომ პუტინი ბიჭვინთას რამდენჯერმე ესტუმრა და კიდევ აპირებს ჩასვლას. მისი თქმით, რუსულმა მხარემ აგარაკის გადაცემა ითხოვა იმისათვის, რომ ამ ქონების რეკონსტრუქციაში ინვესტიციები ჩაიდოს, რათა ისინი რუსეთის პრეზიდენტისთვის უფრო შესაფერისი გახდეს. „მათი კანონმდებლობის თანახმად, მათ არ შეუძლიათ საზღვარგარეთ კაპიტალის დაბანდება… თუ ქონება მათ საკუთრებაში არ არის“, – განაცხადა ბჟანიამ.

„ის [პუტინი] აპირებს იქ თანამედროვე რეზიდენციის გაკეთებას, რომელიც მის საჭიროებებს დააკმაყოფილებს, ვფიქრობ, სწორი იქნება, რომ შემხვედრი ნაბიჯი გადავდგათ. და ასევე ვფიქრობ, რომ მოქალაქეების უმეტესობაც ასე ფიქრობს… ამიტომ, ეს სამუშაო ხორციელდება. ამაზე ბევრია დამოკიდებული“, – განაცხადა ასლან ბჟანიამ და დასძინა: „ეს არა მხოლოდ სამართლებრივი, არამედ პოლიტიკური საკითხიცაა“.

ბჟანიამ აღნიშნა, რომ „სპეციალურად ხდება ასეთი ინფორმაციის შემოგდება, თუნდაც ევროპული სახელმწიფოების მიერ, რომლებიც ჩვენ ჯიუტად ვერ გვხედავენ“. მან განაცხადა, რომ ოკუპირებულ რეგიონსა და რუსეთს შორის „განსაკუთრებული ურთიერთობაა“ და დასძინა, რომ ბევრ დამსწრე სტუდენტს რუსული მოქალაქეობა აქვს, მოსახლეობა რუსებთან სიახლოვეს გრძნობს, რუსულ ენას იყენებს და „ერთადერთი ფანჯარა მსოფლიოში, რომელიც მათ აქვთ, რუსეთზე გადის“.

იგი რუსეთსა და უკრაინას შორის მიმდინარე ომსაც შეეხო და მას „კონფლიქტი ევროპის კონტინენტზე“ უწოდა. ამ კონტექსტში, მან „ამ რთულ დროს“ რუსეთთან მჭიდრო ურთიერთობას მხარდაჭერა გამოუცხადა და განაცხადა, რომ “ყველა რუსეთის წინააღმდეგაა“.

პირველად 1995 წელს გადაწყდა, რომ ბიჭვინთა რუსეთს გრძელვადიანი იჯარით გადაეცემოდა, თუმცა მას შემდეგ პრაქტიკული ნაბიჯები არ გადადგმულა. რუსეთმა შეთანხმების დასასრულებლად ძალისხმევა გააძლიერა და 2022 წლის 19 იანვარს მიწის 49 წლით გადაცემის შესახებ ახალი შეთანხმების ტექსტი გაჩნდა, რომელიც ჯერ კიდევ არ არის რატიფიცირებული. მას შემდეგ ეს საკითხი აფხაზეთში მწვავე დისკუსიის თემაა, ხოლო საზოგადოებისა და ოფიციალური პირების აზრი ამ საკითხზე იყოფა. მიმდინარე წლის მაისში ახალგაზრდა აქტივისტები კურორტის გადაცემის წინააღმდეგ პროტესტის გამოხატვის დროს დააკავეს.

გალის ყოფილმა ხელმძღვანელმა, თემურ ნადარაიამ განაცხადა, ოკუპირებული აფხაზეთის „საგარეო საქმეთა სამინისტროსთან“ არსებული საზოგადოებრივი საბჭოს შეხვედრაზე გასულ წელს, რომ „ხელისუფლება წინასწარ არ განიხილავს ასეთ სენსიტიურ საკითხებს საზოგადოებასთან. ფართო აჟიოტაჟიც სწორედ ამით არის გამოწვეული და არა ანტირუსული განწყობებით“. „აბაზა ტვ-ის“ დირექტორმა და ჟურნალისტმა, რუსლან ხაშიგმა განაცხადა, რომ „არავინაა კურორტის რუსეთისთვის გადაცემის წინააღმდეგ, თუმცა აუცილებელია ამ დოკუმენტის სამართლებრივი შემოწმება“. ოკუპირებული რეგიონის მთავარმა დიპლომატმა, ინალ არძინბამ პირობა დადო, რომ საკითხის შემდგომი განხილვის მიზნით, „რუსეთის ელჩთან აფხაზეთში“ მიხეილ შურგალინთან შეხვედრას გამართავდა.

„აპარტამენტების შესახებ კანონთან“ დაკავშირებით ბჟანიამ განაცხადა, რომ აფხაზეთში აპარტოტელები შენდება მათი მშენებლობის მარეგულირებელი კანონმდებლობის გარეშე და ხაზი გაუსვა, რომ კანონის მთავარი მიზანი იქნება საკითხის დარეგულირება, სად და როგორ შენდება ეს ბინები. მან აღნიშნა, რომ ეს აპარტოტელები საჭიროა, რადგან აფხაზეთის ტურისტული პოტენციალის მიუხედავად, რეგიონში შემომავალი ტურისტების დასაბინავებლად სასტუმროების სიმცირე შეინიშნება.

ბჟანია კანონის ოპონენტების არგუმენტსაც შეეხო, რომლის თანახმადაც, იმის გამო, რომ ამ ბინების უცხოელებზე მიყიდვა შესაძლებელია, ეს აფხაზეთში დემოგრაფიულ ბალანსს დაარღვევს. მან განმარტა: „აქ დემოგრაფიული საფრთხე არ არსებობს, რადგანაც ადამიანებს, ვინც აქ ჩამოდის, პოლიტიკური უფლებები არ აქვთ“.

მან აღნიშნა, რომ ყველაზე დიდი საინვესტიციო შესაძლებლობა, რაც ახლა აფხაზეთს აქვს, სწორედ ამ აპარტოტელების მეშვეობითაა და დასძინა, რომ რეგიონს არ აქვს ფინანსური შესაძლებლობა, გაუმკლავდეს იმ რაოდენობის ინფრასტრუქტურას, რომელიც რეკონსტრუქციას ან აღდგენას საჭიროებს. ბჟანიას თქმით, ბოლო 30 წლის განმავლობაში თითქმის ყველა ინფრასტრუქტურული პროექტი რუსეთის ფინანსური დახმარებით განხორციელდა და ამიტომ იმაზე მსჯელობა, გადაეცეს თუ არა ბიჭვინთის აგარაკი რუსეთს, „არ არის სწორი მსჯელობა, ეს ცუდი მსჯელობაა“.

ოკუპირებული აფხაზეთის მთავარმა დიპლომატმა ინალ არძინბამ 16 ნოემბერს განაცხადა, რომ საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც აფხაზეთს ოკუპირებულ ტერიტორიად განიხილავენ, რეგიონში აღარ შეუშვებენ. იმავდროულად, რუსეთის მიერ ანექსირებულ უკრაინის ნახევარკუნძულ ყირიმსა და რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონს შორის თანამშრომლობა იგეგმება, რომლის ფარგლებშიც იგეგმება საბჭოთა დროინდელი თბომავლების „კომეტას“ საზღვაო მარშრუტის აღდგენა, რომელიც ქალაქებს გელენჯიკ-ნოვოროსიისკ-სოჭი-სოხუმს დააკავშირებს.

ინალ არძინბამ ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ აფხაზეთის გაწევრიანება რუსეთ-ბელარუსის საკავშირო სახელმწიფოში „რესპუბლიკის მოსახლეობის ძირეულ ინტერესებშია“. ოკუპირებული რეგიონის „უშიშროების საბჭოს მდივანმა” და „ყოფილმა პრემიერმა“ სერგეი შამბამ განაცხადა, რომ აფხაზეთი „რუსული სამყაროს ნაწილია“.