სამართალი
ირაკლი კობახიძე: სალომე ზურაბიშვილს თუ სურს, გახდეს სააკაშვილის ამორალურობის თანაზიარი, მაშინ შეუძლია მიიღოს შეწყალების გადაწყვეტილება

 საქართველო, 21 ნოემბერი, საქინფორმი. სააკაშვილის დამსახურებით ძალიან ბევრი მამა ვერ დაუბრუნდა საკუთარ შვილებს, ეს მინდა შევახსენო მიხეილ სააკაშვილს. არ ვიცი, რა მორალზეა საუბარი, როდესაც ვეხებით მიხეილ სააკაშვილს. რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილს, მას თუ სურს გახდეს სააკაშვილის ამორალურობის თანაზიარი, მაშინ შეუძლია მიიღოს ეს გადაწყვეტილება. არ ვიცი, მე ამაში ღრმად ვერ შევალ, - ასე გამოეხმაურა ჟურნალისტებთან საუბრისას „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას.

გარდა ამ საკითხისა, კობახიძემ ისაუბრა „ნაციონალური მოძრაობის“ შიგნით არსებულ ვითარებაზე.

„ვარდების რევოლუციამ“ იცით, რაც მოუტანა ჩვენს ქვეყანას, ეს იყო ადამიანის უფლებების ტოტალური ხელყოფა, ადამიანების ღირსების ხელყოფა, ადამიანების წამება, არაადამიანური მოპყრობა, ეს იყო ბიზნესის რეკეტი, ტელევიზიების მიტაცება, არჩევნების ტოტალურ გაყალბება და ეს იყო ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების 20%-ის გადაცემა რუსეთის ფედერაციისთვის. ეს არის „ვარდების რევოლუციის“ მემკვიდრეობა. ასეთ დროს, „ნაციონალების“ მხრიდან საუბარი „ვარდების რევოლუციაზე“ არის უბრალოდ თავხედობა და მეტი არაფერი. რაც შეეხება „ნაცმოძრაობის“ შიგნით წარმართულ პროცესებს, ამ პარტიას აღარაფერი ეშველება, დაღმა მიდის მათი რეიტინგი და ეს ასე გაგრძელდება, ვიდრე ეს კინკლაობა გრძელდება შიგნით. ეს კინკლაობა, დაპირისპირება გაგრძელდება და რა თქმა უნდა, ძალიან კარგია ეს ყველაფერი, კარგია, რომ „ნაცმოძრაობის“ რეიტინგი მცირდება ამ კინკლაობის და დაპირისპირების ფონზე“, - განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, სასამართლოს სხდომაზე დისტანციურად ჩართვის დროს, მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა შემდეგი შინაარსის განცხადება გააკეთა:

„არ მინდა ქალბატონ სალომეს რაიმე მოვთხოვო - მას შეუძლია ერთი ხელის მოწერით დაუბრუნოს ჩემს შვილებს მამა და რაც მთავარია, საქართველოში პოლიტიკური ბალანსი აღადგინოს“, - განაცხადა სააკაშვილმა.

მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილს აქტიური ქმედებების განსახორციელებლად არც გამბედაობა აკლია და დიდი საერთაშორისო მხარდაჭერაც აქვს.