საზოგადოება
ზემო ლარსი დღეს: გუდაური-კობის მონაკვეთზე ტრაილერების მოძრაობა აიკრძალა

 საქართველო, 20 ნოემბერი, საქინფორმი. უამინდობის გამო საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზაზე შეზღუდვები ამოქმედდა, იუწყება საავტომობილო გზების დეპარტამენტი.

კერძოდ, თოვისა და დაბალი ტემპერატურის გამო საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევარმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

გზის აღნიშნულ მონაკვეთზე დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.

მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის გზა დღეისათვის ერთადერთი სახმელეთო მაგისტრალია, რომელიც საქართველოსა და სომხეთს რუსეთთან აკავშირებს, ხოლო საბაჟო-გამშვები პუნქტი „ყაზბეგი"–„ზემო ლარსი" – ერთადერთი მოქმედი გამშვები პუნქტია.