რედაქტორისგან
არნო ხიდირბეგიშვილი: საქართველოს ევროკავშირში არ მიიღებენ, მაგრამ შეუძლიათ აზერბაიჯანს წაჰკიდონ

   მას შემდეგ რაც სომხეთი და რუსეთი ერთმანეთს წაჰკიდა, დასავლეთს საქართველოსა და აზერბაიჯანის წაკიდებაც სურს. წინა პუბლიკაციაში - ვინ და რატომ აღვივებს ეროვნებათშორის და რელიგიათაშორის შუღლს კავკასიაში - ხაზს ვუსვამ, რომ ანტისემიტური მიტინგები მახაჭყალასა და მარნეულში დასავლეთის მიერ იყო ორგანიზებული რუსეთსა და საქართველოში ეთნიკური და რელიგიათაშორისი კონფლიქტების ნიადაგზე დესტაბილიზაციის გამოწვევის მიზნით.

   ამოცანა - შემდგომი, სომხეთის კვალდაკვალ, რუსეთის გავლენის კიდევ უფრო მეტად შესუსტება სამხრეთ კავკასიაში; უკრაინასთან ომის დროს შიდა დაპირისპირებით რუსეთის ხელისუფლების შესუსტება; საქართველოს ხელისუფლების დასუსტება და დამხობა, რომელმაც უარი თქვა რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტის გახსნაზე აფხაზეთსა და სამაჩაბლოში უკრაინის დასახმარებლად, მაგრამ აღადგინა პირდაპირი ავიამიმოსვლა და გააფართოვა ეკონომიკური კავშირები რუსეთის ფედერაციასთან, რომელმაც საპასუხოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა.

   დასავლეთის ქმედებებს - ისრაელის საჯაროდ მხარდაჭერას და ამავდროულად - ღაზას სექტორის პალესტინელების მხარდასაჭერად აქციების ფარულად ორგანიზებას - რუსეთის პრეზიდენტმა "ღორობა" უწოდა, მაგრამ მაღალი მორალისა და ელემენტარული ღირსების მოთხოვნა დასავლეთის პოლიტიკისგან ძნელია - განსაკუთრებით მაშინ, როცა ისინი უბრალოდ არ გააჩნია! განა პუტინმა არ მოიხსენია ამას წინათ ზედგამოჭრილი სიტყვით „გადაგვაგდეს!“ დასავლეთის მიერ დარღვეული დაპირება - არ გაფართოებულიყო ნატო აღმოსავლეთით?! ამის მერე რაღამ უნდა აღგაშფოთოს?!

   აი ნახეთ: მიუხედავად იმისა, რომ მარნეულში ებრაელები არ არიან; იციან, რომ ქართველი ებრაელები პრაქტიკულად შეერწყნენ ქართველ ერს; აცნობიერებენ, რომ საქართველოდან ბევრი ემიგრანტი და რეპატრიანტი ცხოვრობს ისრაელში, მიტინგი მაინც იმართება და ლიდერები - ცნობილი მუსლიმი სასულიერო პირები - ხმამაღლა აკრიტიკებენ საქართველოს ხელისუფლებას "დუმილის გამო" - ოფიციალური თბილისისგან ღაზას სექტორის მხარდამჭერი განცხადებების არარსებობა განიხილება როგორც ისრაელის მხარდაჭერა. იქიდან გამომდინარე, რომ მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ ქართველ ამომრჩეველთა უმრავლესობამ აირჩია, რა არის ეს თუ არა მცდელობა, წაჰკიდონ მუსლიმი აზერბაიჯანელები მართლმადიდებელ ქართველებს?! მაგრამ ქვემო ქართლში კომპაქტურად მოსახლე ადგილობრივმა აზერბაიჯანელებმა იგრძნეს პროვოკაცია და აქციაზე ორასზე მეტი მონაწილე არ მივიდა.

   მაგრამ დასავლეთის გეგმები, როგორც შემდგომმა მოვლენებმა აჩვენა, უფრო მასშტაბური აღმოჩნდა, ვიდრე რუსეთსა და საქართველოში სხვადასხვა ეროვნებისა და აღმსარებლობის მოქალაქეების დაპირისპირება. გეგმის მიხედვით, სამხრეთ კავკასიის ყველა ქვეყანა, თუ არ იომებს, მტრობდეს ერთმანეთს მაინც: სომხეთი - აზერბაიჯანს (შესრულებულია), საქართველო - აზერბაიჯანს (განხორციელების პროცესშია), საქართველო - სომხეთს (შემდგომი და საბოლოო ეტაპი). რა თქმა უნდა, ეს მზაკვრული ჩანაფიქრი „ღორულად“ გამოიყურება „დასავლური დემოკრატიისა“ და სხვა „ევროატლანტიკური ცივილიზაციური ღირებულებების“ პროპაგანდის ფონზე.

   ნახეთ: აქციები მახაჩყალასა და მარნეულში, შესაბამისად, 29 და 31 ოქტომბერს გაიმართა, 11 ნოემბერს კი ადგილი ჰქონდა ორ მოვლენას, რომლებიც დროში „უცნაურად“ დაემთხვა:

1 - საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარიზში 2023 წლის მშვიდობის ფორუმზე პანელური დისკუსიის დროს განაცხადა, რომ „საქართველო 100%-ით ნეიტრალურია სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის კონფლიქტში და არ დაუჭერს მხარს არცერთ მხარეს“;

2 - ფოთის საზღვაო ნავსადგურში ჩამოიტვირთა კომპანია Acmat-ის წარმოებული ფრანგული მრავალმიზნობრივი, სრულადამძრავიანი ჯავშანმანქანები Bastion, გამგზავნი - ფრანგული კომპანია ARQUUS. და თუმცა, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს საპროტესტო განცხადებაში საქართველო არ მოიხსენიება, ბაქო აღაშფოთა არა თავად სომხეთის სამხედრო დახმარების ფაქტმა (არსებული ინფორმაციით, ფრანგული მწარმოებელი კერძო კომპანიისგან ტექნიკის შესყიდვის სპონსორი იყო მდიდარი სომხური დიასპორა საფრანგეთში), არამედ გაანაწყენა იმან, რომ თავის ტერიტორიაზე ტექნიკა გაატარა მოძმე საქართველომ - სტრატეგიულმა პარტნიორმა მრავალ ენერგეტიკულ პროექტში. მთელმა მსოფლიომ იხილა ეს ტრანზიტი - სამხედრო კოლონა, რომელმაც საქართველოს საზღვარი გადაკვეთა და სომხეთისკენ გაემართა. საეჭვოა ეს ტექნიკა აზერბაიჯანისთვის რაიმე საფრთხეს წარმოადგენდეს - ბაქომ ჩინებულად იცის, რომ აფრიკის ქვეყნებისა და ახლო აღმოსავლეთისთვის გათვალისწინებული Bastion - მოძველებული თავიდანვე უარგისი ყველგანმავალია თვით არასაიმედო ფრანგული სამხედრო ტექნიკის ფონზეც კი. მას ბევრად სჯობს თურქული ანალოგი, რომელიც საქართველომ სააკაშვილის პრეზიდენტობისას თურქეთისგან შეისყიდა - თურქული ფირმა Otokar-ის მრავალსამიზნიანი სრულადამძრავი ჯავშანმანქანა Cobra, თუმცა, აღფრთოვანებას არც ეს უკანასკნელი იმსახურებს.

   მაგრამ მთავარია, რომ პარიზში შესანიშნავად ესმოდათ - ეს ტრანზიტი გამოიწვევს ბაქოს უკმაყოფილებას, აზერბაიჯანელების უკმაყოფილებას ქართველებით, რომლებმაც სომხებისთვის განკუთვნილი ტექნიკა თავის ტერიტორიაზე გაატარეს - და ეს იმ დროს, როცა ნეიტრალური საქართველო უკრაინასთან მებრძოლი რუსეთისთვის განკუთვნილ ტექნიკასა და ორმაგი დანიშნულების ტვირთებს არ ატარებს!

   ასევე შეუძლებელია პარიზში არ სცოდნოდათ, თუ რა უკმაყოფილებას გამოიწვევდა საქართველოში მშვიდობის ფორუმი-23-ის მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად ერთდროულად პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილის მიწვევა, რომლისთვისაც, ასეთივე უნებართვო ვიზიტებისათვის 18 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტი იმპიჩმენტის გამოცხადებას აპირებდა, მაგრამ ხმები საკმარისი არ აღმოჩნდა.

   ხოლო თუ ვინმეს დაავიწყდა - დედის მხრიდან სომხური და რუსული ფესვების მქონე პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ცადა განხეთქილების ჩამოგდება მუსლიმ აზერბაიჯანელებსა და მართლმადიდებელ ქართველებს შორის ჯერ კიდევ 2019 წლის 20 აპრილს, როცა ყოველგვარი საჭიროების გარეშე მოინახულა დავით გარეჯის მეექვსე საუკუნის სამონასტრო კომპლექსი საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე და განაცხადა, რომ ეს საქართველოს ტერიტორიაა. რეტროსპექტივაში შესამჩნევია, რომ ეს იყო არა უბრალოდ დამთხვეული პარიზელი მეტიჩრის ხუშტური, არამედ მზაკვრული გეგმის დასაწყისი - შეეტაკებინათ ერთმანეთისთვის მუსლიმები და ქრისტიანები საქართველოში, წაეკიდებინათ აზერბაიჯანელები ქართველებთან, ეროვნული სიწმინდეების მიმართ ამ უკანასკნელთათვის ტკივილამდე მგრძნობიარე დამოკიდებულების გათვალისწინებით!

   მაკრონს რომ ქართველ კოლეგასთან - საფრანგეთის მკვიდრ ზურაბიშვილთან არა მარტო მათი თანამდებობები აკავშირებს, ეს ყველამ იცის, ურთიერთსიმპათიები შესამჩნევია ფოტოსურათებითაც... ხოლო საფრანგეთის როლი ევროკავშირში უმნიშვნელო როდია, ამიტომ საქართველო ვერ გადაუკეტავდა საფრანგეთს გზას სომხეთისკენ, მით უფრო, რომ რამდენიმე კვირის შემდეგ, 15 დეკემბერს, საქართველო საფრანგეთში, სტრასბურგში მდებარე ევროკომისიისგან ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსის მიღებას იმედოვნებს.

   უბედურება ისაა, რომ საქართველოს ევროკავშირში მაინც არ მიიღებენ, აი აზერბაიჯანს კი მშვენივრად წაჰკიდებენ! ნახეთ: გასულ წელს, როცა უკრაინასა და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიანიჭეს, საქართველოს კი უარი სტკიცეს, მისთვის წაყენებულ 12 რეკომენდაცია-პრიორიტეტს 8 ნოემბერს ევროკომისიამ კიდევ 8 პირობა დაამატა, რომელთაგან პირველი - „დეზინფორმაციასა და ინფორმაციით უცხოური მანიპულირების, ასევე ევროკავშირისა და მისი ღირებულებების წინააღმდეგ ჩარევასთან ბრძოლა“. ეს ნიშნავს, რომ საქართველოში უნდა შეჩერდეს ადამიანის საბაზო უფლებები - აიკრძალოს სიტყვის, მედიის თავისუფლება, ჟურნალისტური საქმიანობის თავისუფლება, და შემოღებული იქნეს ცენზურა. ნებისმიერი მედიის კონტენტი დაექვემდებარება თამარ კინწურაშვილის, მისი მედიის განვითარების ფონდის (MDF) და საქართველოში სოროსის მიერ დაფუძნებული მსგავსი არასამთავრობო ორგანიზაციების - თვითმარქვია „ჟურნალისტური ეთიკის დამცველთა“ მიერ „fact-cheking”-ს. იმ შემთხვევაში, თუ ისინი დაინახავენ რაიმე „მეამბოხურ“- დადებითს რუსეთთან მიმართებაში, და „მაშასადამე“ - უარყოფითს დასავლეთისთვის, მედია აიკრძალება! და თუ ვინმე განაცხადებს, რომ დასავლეთმა კაცობრიობას აჩუქა ინკვიზიცია, ფაშიზმი, რასიზმი, ლგბტ-თემი, იუვენალური იუსტიცია, ევთანაზია და მსგავსი „ღირებულებები“, რაც სრული სიმართლეა, მას დღის სინათლეს აღარ აღირსებენ!

   მეორე პირობა - „გაუმჯობესდეს საქართველოს შესაბამისობა ევროკავშირის ზოგად საგარეო პოლიტიკასა და უსაფრთხოების პოლიტიკასთან“, ანუ - მოიქეცი იმ ევროპული თანამეგობრობის მსგავსად, რომლისკენაც მიისწრაფვი: დაეხმარე უკრაინას რუსეთთან ბრძოლაში, კეთილი ინებე და დააკანონე ერთსქესიანი ქორწინებები, მიიღე მიგრანტები ახლო აღმოსავლეთიდან, ვინაიდან ევროკავშირის ქვეყნები უკვე გატენილია!

   შემდეგი პირობა - „პოლიტიკური პოლარიზაციის პრობლემის შემდგომი გადაწყვეტა, მათ შორის საპარლამენტო ოპოზიციასთან უფრო ინკლუზიური საკანონმდებლო მუშაობის გზით, განსაკუთრებით საქართველოს ევროინტეგრაციასთან დაკავშირებულ კანონმდებლობასთან მიმართებაში“. ეს ნიშნავს, რომ საქართველოში უნდა იყოს კოალიციური მთავრობა, რომელშიც გვერდიგვერდ უნდა იმუშაონ სააკაშვილმა და ღარიბაშვილმა, ზურაბიშვილმა და კობახიძემ, ხაზარაძემ და კალაძემ.

   და შემდგომ - იმავე სულისკვეთებით: „თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტული საარჩევნო პროცესის უზრუნველყოფა, განსაკუთრებით 2024 წელს“, ანუ უზრუნველყოფილი იქნეს სააკაშვილის პარტიის ხელისუფლებაში დაბრუნება; დაკომპლექტდეს სასამართლოები, ეროვნული ბანკი, ცენტრალური საარჩევნო კომისია და ძალოვანი სტრუქტურები რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებით და ციხეში ჩაიყარონ ისინი, ვინც არ დაუშვა გეი-პრადის ჩატარება თბილისში და აღკვეთა Gen Z-ის ნეო-ნაცისტების შაბაში, ხელი შეუშალა მათ პოლიციის მანქანების შემდეგ საქართველოს პარლამენტის დაწვაში!

   ევროკავშირი აშშ-ის ვასალია, ამიტომ საქართველოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში კიდევ ბევრ პირობას წაუყენებს - ზუსტად ისე, როგორც შეერთებულმა შტატებმა ათასობით ანტირუსული სანქცია შემოიღეს, მათი ფანტაზია უსაზღვროა! მთავარია, სომხეთის მსგავსად, საქართველოსაც ამოსდონ „მოკლე ლაგამი“, ხოლო ეს პირობები შესრულდება თუ არა, არ აქვს მნიშვნელობა, მთავარია დროის გაჭიანურება და საქართველოსთვის იმ ქვეყნის სტატუს-კვოს შენარჩუნება. მაგრამ დასავლეთი ისევ შეცდომას უშვებს, რადგან საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება არ შეასრულებს მოთხოვნებს, რომლებიც ეწინააღმდეგება ქართულ მენტალიტეტს - ისევე, როგორც აზერბაიჯანმა ევროპული „ღირებულებები“ უარყო.

არნო ხიდირბეგიშვილი,
საქინფორმის მთავარი რედაქტორი

2023 წლის 14 ნოემბერი,
საქართველო, თბილისი

წყარო: Sputnik-Georgia