სამართალი
სემეკის თავმჯდომარე: აფხაზეთი ელექტროენერგიას რუსეთიდან იღებს და თავადაა პასუხისმგებელი საფასურის გადახდაზე

 საქართველო, 17 ნოემბერი, საქინფორმი. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკი) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ 16 ნოემბერს, კონკურენციის პოლიტიკისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ აფხაზეთი ელექტროენერგიას რუსეთიდან იღებს და თავადაა პასუხისმგებელი საფასურის გადახდაზე.

„ერთადერთი ვალდებულება, რაც 1990-იანი წლებიდან მოდის, ეს არის ენგურჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის 40-60-ზე პროპორციით გაყოფა, რაც ხორციელდება, სხვა რაიმე ვალდებულება ქართულ მხარეს ამ ნაწილში არ აქვს”, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

კითხვაზე ჩაერევა თუ არა საქართველო, თუ ოკუპირებული აფხაზეთი ვერ გადაიხდის თანხას, ნარმანიამ განცხადა: „არანაირი ვალდებულება ჩვენ არ გვაქვს ამასთან დაკავშირებით. სხვა დამატებით ინფორმაციას არ ვფლობ. წესით, არა“, – დასძინა მან.

ერთი დღით ადრე, ოკუპირებული აფხაზეთის „ეკონომიკის მინისტრმა“ ქრისტინა ოზგანმა აღნიშნა, რომ აფხაზეთში „ენერგეტიკის სექტორში რთული ვითარებაა“. მისი თქმით, მიმდინარე წლის მეოთხე კვარტალში აფხაზეთს ელექტროენერგიის დეფიციტი შეექმნა.

„ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ აფხაზეთის ენერგოსისტემას ჩვენს გარდა არავინ შეინახავს. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ელექტროენერგია არის საქონელი, რომლისთვისაც უნდა გადავიხადოთ. პრობლემის უსასრულოდ გადაჭრა მხოლოდ რუსეთის მხრიდან სოციალური დახმარების ხარჯზე არ გამოვა“, – აღნიშნა მან.