უცხოეთი
სი ძინპინი - ჩინეთი არ დებს ფსონს აშშ-ის წაგებაზე, არ ერევა მის შიდა საქმეებში, აშშ-მაც არ უნდა დადოს ფსონი ჩინეთის წაგებაზე, თავი შეიკავოს ჩინეთის საქმეებში ჩარევისგან, არავისთან ვაპირებთ არც ცივ და არც ცხელ ომს

 საქართველო, 17 ნოემბერი, საქინფორმი. ჩინეთი არავისთან აპირებს არც ცივ და არც ცხელ ომს, – ამის შესახებ ჩინეთის ლიდერმა, სი ძინპინმა აშშ-ის პრეზიდენტთან, ჯო ბაიდენთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც ჩინეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, ჩინეთი მზად არის, იყოს აშშ-ის პარტნიორი და მეგობარი.

„ჩვენი ფუნდამენტური პრინციპები ურთიერთობებში არის ურთიერთპატივისცემა, მშვიდობიანი თანაცხოვრება და მომგებიანი თანამშრომლობა. ჩინეთი და აშშ საბოლოოდ კონკურენტები არიან თუ პარტნიორები, ფუნდამენტური და ყოვლისმომცველი საკითხია. ლოგიკა ძალიან მარტივია: თუ ერთი განიხილავს მეორეს, როგორც მთავარ კონკურენტს, ყველაზე მნიშვნელოვან გეოპოლიტიკურ გამოწვევას და მუდმივ მოახლოებულ საფრთხეს, ეს აუცილებლად გამოიწვევს მცდარ პოლიტიკას, არასწორ ქმედებებს და მცდარ შედეგებს. ჩინეთი არასოდეს დებს ფსონს აშშ-ის წაგებაზე, არასოდეს ერევა აშშ-ის საშინაო საქმეებში და არ აპირებს აშშ-ის გამოწვევას ან შეცვლას. ჩინეთი მიესალმება თავდაჯერებულ, ღია, განვითარებად და აყვავებულ აშშ-ს. ანალოგიურად, აშშ-მა არ უნდა დადოს ფსონი ჩინეთის წაგებაზე, თავი შეიკავოს ჩინეთის საქმეებში ჩარევისგან. ჩინეთი არავისთან აპირებს არც ცივ ომს და არც ცხელ ომს“, – განაცხადა სი ძინპინმა.

1tv.ge