უცხოეთი
ჯოზეფ ბორელი - ჩვენი კრიტიკული ინფრასტრუქტურა მოწყვლადია და უნდა გავზარდოთ შესაძლებლობები მათ დასაცავად

 საქართველო, 15 ნოემბერი, საქინფორმი. ჩვენი კრიტიკული ინფრასტრუქტურა მოწყვლადია და უნდა გავზარდოთ შესაძლებლობები მათ დასაცავად, – ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა თავდაცვის საკითხებზე ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოს სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

მისი თქმით, უნდა განიხილონ ევროკავშირის სამხედრო შესაძლებლობების განვითარების გეგმის ანალიზი, „ის, რაც ჩვენი არმიების პრიორიტეტს წარმოადგენს, რა გვჭირდება, რა არ გვაქვს, სად არის ხარვეზები და სად უნდა განვახორციელოთ მეტი ინვესტიცია“.

„თქვენ იცით ინციდენტების შესახებ ან, როგორც გნებავთ, ისე უწოდეთ. ჩრდილოეთის ზღვაში ხომალდების მიერ დაზიანებულია კაბელები, შემთხვევითობაა თუ არა, ზიანი ადგება გაზსადენებს, ბოჭკოვან კაბელებს. ეს აჩვენებს, რომ ჩვენი კრიტიკული ინფრასტრუქტურა მოწყვლადია და უნდა გავზარდოთ შესაძლებლობები მათ დასაცავად“, – აღნიშნა ბორელმა.

ამასთან, ჯოზეფ ბორელის განცხადებით, თავდაცვის საკითხთან დაკავშირებით დღევანდელ შეხვედრაზე ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები უკრაინის მხარდაჭერის საკითხსაც განიხილავენ, როგორ შეიძლება, გაზარდონ დახმარება, იქნება ეს წვრთნების, საბრძოლო მასალების მიწოდებისა თუ ფინანსური საშუალებების გაძლიერების თვალსაზრისით.

ბორელის თქმით, ევროკავშირმა უკრაინას ამ დრომდე უკვე 27 მილიარდი ევროს ღირებულების დახმარება გაუწია.

„ეს რიცხვი უკვე 27 მილიარდი ევროა. თვის ბოლოს ჩემი გუნდი უკრაინაში გაემგზავრება და წარადგენს ჩვენს წინადადებას ხანგრძლივ ვალდებულებებთან დაკავშირებით, უკრაინისთვის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, რომელსაც ევროკავშირის საბჭო წლის მიწურულისთვის დაამტკიცებს“, – განაცხადა ბორელმა.

მისივე განცხადებით, უკრაინისთვის დაპირებული მილიონი ჭურვიდან, ქვეყანას უკვე 300 ათასზე მეტი ერთეული მიაწოდეს, რაც არმიების არსებული მარაგებიდან მობილიზაციის შედეგად შეგროვდა, დარჩენილი რაოდენობა კი წარმოების შედეგად უნდა მოგროვდეს.

„პირველი ეტაპი – არმიების არსენალის მარაგებში არსებულის მიწოდება უკვე დასრულებულია, ჩვენ 300 ათასზე მეტი ჭურვი გავეცით. არმიების მარაგებიდან მეტის მიღება რთულია. ახლა წარმოებიდან უნდა მოხდეს მიღება, რაც დამოკიდებულია კონტრაქტებზე, კონტრაქტები კი დამოკიდებულია წევრი სახელმწიფოების ფინანსურ შესაძლებლობებზე. ასე რომ, ეს არის ინტერაქცია ინდუსტრიასა და წევრ სახელმწიფოებს შორის. მუშაობა მიმდინარეობს. თუმცა, გვინდა, ვიცოდეთ, დღეს სად ვართ და როგორი იქნება წარმოების ტემპი მეორე ეტაპისთვის. ევროპის თავდაცვითი ინდუსტრია დიდ მხარდაჭერას უწევს, წარმოების 40% მესამე ქვეყნებში ექსპორტზე გადის. ასე რომ, აქ საუბარი არ არის წარმოების სიმძლავრეზე, აქ საუბარია, რომ ისინი სხვა ბაზრებზე იგზავნება“, – განაცხადა ბორელმა.

1tv.ge