„ქართული სახელმწიფო არასდროს გადადგამს ნაბიჯს, რომელიც მართლმადიდებელ ეკლესიასთან ურთიერთობებთან წინააღმდეგობაში მოვა“, – განაცხადა პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ 12 ივლისს.
საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც რელიგიურ უმცირესობებს საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დარეგისტრირების უფლებას აძლევს და რომელიც პარლამენტმა საპატრიარქოს პოზიციის უგულებელყოფით დაამტკიცა, ეკლესიასა და პრეზიდენტ სააკაშვილის ადმინისტრაციას შორის ღია დაპირისპირების მიზეზი გახდა. თუმცა ორდღიანი საპროტესტო გამოსვლების შემდეგ საპატრიარქომ შეარბილა თავისი პოზიცია, მხარდამჭერებს – სიმშვიდისაკენ, ხოლო ხელისუფლებას სამომავლოდ რელიგიასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტისას წინასწარი კონსულტაციების გამართვისკენ მოუწოდა.
პრეზიდენტის პრესსპიკერმა, ასევე, განაცხადა, რომ ფუნდამენტური მნიშვნელობა აქვს აღმსარებლობის თავისუფლების პრინციპის დაცვას. „სწორედ ამით იყო ნაკარნახევი ის გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს საკანონმდებლო ორგანომ გასულ კვირას მიიღო“, – განაცხადა მან.
„ხაზი უნდა გაესვას იმას, რომ ამ კანონს არაფერი აქვს საერთო ქონებრივი ან სხვა სადავო საკითხების გადაწყვეტასთან“, – განაცხადა მანჯგალაძემ და დასძინა, რომ პრემიერ-მინისტრი მზადაა, „იმუშაოს ნებისმიერ საკითხზე კომისიური მუშაობის ფარგლებში ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიასთან ერთად“.
საქინფორმი