სამართალი
სახალხო დამცველი ფოტორეპორტიორების საქმის შესახებ

ombudsmanსაქართველოს სახალხო დამცველმა გიორგი ტუღუშმა თავი შეიკავა ფოტორეპორტიორების საქმეზე „საიდუმლო“ გრიფის მოხსნა მოეთხოვა და სანაცვლოდ გამომძიებლებს იმ დოკუმენტების გამიჯვნა ურჩია საქმის სხვა მასალებისაგან, რომლებიც არ შეიცავს სახელმწიფო საიდუმლოებას.

გავრცელებულ განცხადებაში სახალხო დამცველის აპარატმა განაცხადა, რომ მისმა წარმომადგენლებმა წინასწარ პატიმრობაში მყოფი სამი ფოტოგრაფი – ირაკლი გედენიძე, ზურაბ ქურციკიძე და გიორგი აბდალაძე მოინახულეს.

სახალხო დამცველის აპარატის თქმით, არცერთ მათგანს ციხის ადმინისტრაციასთან დაკავშირებით რაიმე პრეტენზიები არ გამოუთქვამს.

„გ. აბდალაძე და ზ. ქურციკიძე ითხოვენ მათ მიმართ წარმოებული სისხლის სამართლის საქმის გასაჯაროებას. აღნიშნული მოთხოვნით გ. აბდალაძე აგრძელებს შიმშილობას“, – განაცხადა სახალხო დამცველის აპარატმა.

ამავე განცხადების თანახმად, სახალხო დამცველი მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში მოკლებულია შესაძლებლობას, სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე გაეცნოს სისხლის სამართლის საქმეს.

„შესაბამისად, შეუძლებელია, ჩვენი მხრიდან შეფასდეს საქმის მასალების გასაიდუმლოების მიზანშეწონილობა და კანონშესაბამისობა“, – განაცხადა სახალხო დამცველის აპარატმა.

„აღნიშნული საქმის გამოძიების მიმართ საზოგადოების მაღალი ინტერესის გამო და იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდებული პირები ფოტორეპორტიორები არიან, მნიშვნელოვანია, გამოძიების მწარმოებელი ორგანოს მიერ მოხდეს იმ დოკუმენტების საქმის სხვა მასალებისაგან გამიჯვნა, რომლებიც არ შეიცავს სახელმწიფო საიდუმლოებას. აქვე აღსანიშნავია, რომ საქმის მასალათა ნაწილი თავად გახადა საჯარო გამოძიების მწარმოებელმა ორგანომ. შესაბამისად, თუ დაცვის მხარე მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია, საჯარო გახადოს საქმეში არსებული რომელიმე მტკიცებულება, აუცილებელია, გამოძიების მწარმოებელი ორგანოს მხრიდან ზუსტად მოხდეს კონკრეტული მტკიცებულების შეფასება და მისი საიდუმლოობის საკითხის გადაწყვეტა“, – განაცხადა სახალხო დამცველის აპარატმა.

ჟურნალისტების ჯგუფმა 12 ივლისს მორიგი საპროტესტო აქცია გამართა – ამჯერად პარლამენტის წინ და კიდევ ერთხელ მოითხოვა საქმის გასაჯაროება. ანალოგიური მოთხოვნით ჟურნალისტებმა აქცია 11 ივლისსაც გამართეს შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობის წინ, დღეს კი ხვდება შსს მინისიტრს.

 

საქინფორმი