საქართველო, 8 ნოემბერი, საქინფორმი. საქართველოში გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი რუსული ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობის გამო მწუხარებას გამოთქვამს.
როგორც ელჩი სოციალურ ქსელში წერს, საქართველოს შეუძლია, ჰქონდეს საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერის იმედი რუსეთის მავნე ქმედებების დასასრულებლად.
„გერმანიის მთავრობის სახელით, გულწრფელ მწუხარებას გამოვხატავ საქართველოს მოქალაქის მკვლელობის გამო რუსული ძალების მიერ, რომელიც განაგრძობს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას. საქართველოს შეუძლია, ჰქონდეს საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერის იმედი რუსეთის მავნე ქმედებების დასასრულებლად“, – წერს საქართველოში გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი.
სოფელ კირბალის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალებმა საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტური მოკლეს და უკანონოდ დააკავეს ერთი მოქალაქე. მომხდართან დაკავშირებით, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მოთხოვნით, ერგნეთში შეხვედრა გაიმართა.