საქართველო, 6 ნოემბერი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა კანონს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ხელი მოაწერა.
ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.
როგორც ცნობილია, “მაუწყებლის შესახებ“ კანონში ცვლილებები პარლამენტმა 79-ხმით, 3-ის წინააღმდეგ ოქტომბერში მიიღო.
პარლამენტის მიერ დაჩქარებული წესით მიღებული ცვლილებების საფუძველზე სიძულვილის ენისა და ტერორიზმისკენ მოწოდების შემცველი პროგრამა და რეკლამა კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის რეგულირების სფეროში ექცევა.
აღნიშნულ დარღვევაზე მაუწყებლის თვითრეგულირების ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიაში გასაჩივრება იქნება შესაძლებელი.
ამასთან, პირველი მოსმენით განხილვის პროცესში პროექტის პირვანდელი ვარიანტი დაკორექტირდა და უხამსობაც თვითრეგულირებიდან რეგულირების სფეროში გადავიდა.
"მაუწყებლობის შესახებ" კანონის 55/2 მუხლი ითვალისწინებს მედია მომსახურების მიმწოდებლის პროგრამაში ან რეკლამაში სიძულვილის ენის, ტერორიზმისკენ მოწოდების, უხამსობის გავრცელების აკრძალვას. ჯერ კიდევ მოქმედი კანონით, აღნიშნული აკრძალვის დარღვევასთან დაკავშირებით რეაგირება მხოლოდ მედიამომსახურების მიმწოდებლის თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებშია შესაძლებელი.
კანონპროექტის ავტორი და ინიციატირი არიან “ქართული ოცნების“ უმრავლესობის დეპუტატები: - დავით სონღულაშვილი, ეკა სეფაშვილი, ბეჟან წაქაძე, ისკო დასენი, ირაკლი კირცხალია, ანტონ ობოლაშვილი და ირმა ზავრადაშვილი.