საქართველო, 3 ნოემბერი, საქინფორმი. საქართველოს პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა, რომ საქართველო არ მიიღებს მონაწილეობას 3+3 ფორმატში, ვიდრე არ მოხდება საქართველოს ტერიტორიების დე-ოკუპაცია. „ჩვენთვის „3+3“ არის მიუღებელი ფორმატი სწორედ რუსეთის გამო“, უთხრა სამხარაძემ საზოგადოებრივ მაუწყებელს.
ფორმატი, რომელიც რეგიონის სამ სახელმწიფოს – ირანს, თურქეთსა და რუსეთს – ასევე სამხრეთ კავკასიის ორ ქვეყანას – აზერბაიჯანსა და სომხეთს აერთიანებს, 2021 წელს შეიქმნა და, სახელწოდების მიუხედავად, საქართველო პლატფორმის წევრი არ არის.
სამხარაძემ განაცხადა, რომ ქვეყანას აქვს „ძალიან მკაფიო პოზიცია“ 3+3 ფორმატში არმონაწილეობის თაობაზე. თუმცა, მან ასევე განმარტა, რომ საქართველო არ ეთიშება შიდა კავკასიურ პროცესებს. მისი თქმით, არმონაწილეობა „არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ არ განვავითარებთ ორმხრივ ურთიერთობებს თურქეთთან და არ შევეცდებით, სამმხრივი ურთიერთობების ფორმატი ჩამოვაყალიბოთ საქართველო-სომხეთი-აზერბაიჯანის მონაწილეობით“.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, კავკასიაში შექმნილი იყოს ისეთი ამინდი, რაც ხელს შეუწყობს, როგორც პოლიტიკურ, ისე ეკონომიკურ თანამშრომლობას. ამ ე.წ ფორმატის ერთი ქვეყანა როდესაც უხეშად არღვევს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას და ოკუპირებული აქვს ჩვენი ქვეყნის ნაწილი, რა თქმა უნდა, იმ ფორმატში მონაწილეობას აზრი ეკარგება“, – განაცხადა სამხარაძემ.
კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ 3+3 ფორმატი „ჩვენი ტერიტორიების დეოკუპაციისთვის არ გამოგვადგება“. „ჩვენ გვაქვს ჟენევის ფორმატი და ძალიან კარგად ვხედავთ, როგორ იქცევა რუსეთი ჟენევის ფორმატში; 15 წელია, ყველანაირად ბლოკავს ყველა გადაწყვეტილებას, რომელმაც შეიძლება, წინ წასწიოს კონფლიქტის გადაწყვეტის საქმე და დეოკუპაციის მიმართულებით რამე ნაბიჯები გადაიდგას. ამიტომ მე არ მაქვს იმის ილუზია, რომ ნებისმიერ სხვა ფორმატში რუსეთი სხვანაირად მოიქცევა“, – განაცხადა სამხარაძემ.
მან ასევე აღნიშნა, რომ თეირანში „3+3“-ის შეხვედრის შემდეგ „ძალიან საინტერესო“ კომუნიკე გამოქვეყნდა, სადაც ქვეყნები, მათ შორის რუსეთი, აღიარებენ ტერიტორიული მთლიანობისა და საზღვრების ურღვეობის საერთაშორისო სამართლის პრინციპებს.
3+3 ფორმატის ბოლო შეხვედრა თეირანში 23 ოქტომბერს გაიმართა. საქართველომ შეხვედრაში მონაწილეობა არ მიიღო მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრის ერთობლივი კომუნიკე „თანაბარი მონაწილეობისკენ“ მოუწოდებდა. შეხვედრის შემდეგ, რუსეთისა და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრებმა, სერგეი ლავროვმა და ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანმა საქართველოს ფორმატის მომდევნო შეხვედრებში მონაწილეობისკენ მოუწოდეს.