პოლიტიკა
პოლიტიკოსების კომენტარები აბაშიძე-კარასინის სატელეფონო საუბრის შესახებ

 საქართველო, 2 ნოემბერი, საქინფორმი. სოციალურ მედიაში 31 ოქტომბერს აუდიოჩანაწერი გავრცელდა, სადაც რუსეთის ფედერაციის საბჭოს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, გრიგორი კარასინი და საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი, ზურაბ აბაშიძე რუსეთსა და საქართველოს შორის საჰაერო მიმოსვლის აღდგენის შესაძლებლობას განიხილავენ.

წარმოგიდგენთ აუდიოჩანაწერზე პოლიტიკოსთა შეფასებებს.

რატი ბრეგაძე, იუსტიციის მინისტრი: ეს ადამიანები ერთმანეთს ხვდებოდნენ, საუბრობდნენ და არსებობს ასეთი საკომუნიკაციო არხი. მგონი აქ, არაფერი განსაკუთრებული საიდუმლო არ არის. თუკი რაიმე სახის ჩანაწერი გავრცელდა, რომელიც დიდი ალბათობით უკანონოდ არის მოპოვებული, ჯერ ამის ავთენტურობა უნდა დადასტურდეს. მე არ მომისმენია და გამიჭირდება ამ საკითხზე საუბარი… თქვენ [ჟურნალისტებს] გინდათ და ეს პირდაპირ უნდა თქვათ, იმის გამო რომ საქართველოს მოქალაქეებს გაუმარტივდათ გადაადგილება, საქართველოში ვინმეს პასუხისმგებლობა დაეკისროს… რუსეთს ფედერაციას რა ინტერესი ჰქონდა? მე ვიცი და შემიძლია გითხრათ საქართველოს გადმოსახედიდან, რომ საქართველოს მოქალაქეებს თუ გადაადგილება გაუმარტივდებათ… ამაში ცუდს ვერ ვხედავ“.

ნიკოლოზ სამხარაძე, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, „ქართული ოცნება“: ზურაბ აბაშიძემ ამაზე გააკეთა კომენტარი. მან თქვა, რომ ეს არის 2022 წლის გაზაფხული. მე თავად ვიდეო არ მინახავს, ვნახე მხოლოდ ზურაბ აბაშიძის კომენტარი, შესაბამისად ზურაბ აბაშიძეს ვენდობი, ის სიმართლეს ეტყვის ქართულ საზოგადოებას“.

თენგიზ შარმანაშვილი, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, „ქართული ოცნება“: არ მომისმენია… რამდენადაც ვიცი ეს მოლაპარაკება არ შემდგარა, რუსეთთან ამ თემაზე [ფრენების აღდგენაზე] არანაირი კონსულტაციები არ მიმდინარეობდა და რუსეთმა ცალმხრივად მოხსნა ის, რაც ცალმხრივად დააწესა… [კარასინი-აბაშიძის საუბარზე] ეს არაფერს არ ნიშნავს, რადგან აბაშიძე არ არის იმ თანამდებობის პირი, რომელსაც ასეთი ტიპის გადაწყვეტილების მიღება ხელეწიფება. [კარასინი-აბაშიძის] ფორმატი უბრალოდ ერთმანეთში აზრების გაზიარებაა“.

თინათინ ბოკუჩავა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, დეპუტატი: ესეც პუტინის სტილია, რომ კოლაბორაციონისტები და მოღალატეები თავადვე ამხილოს ანუ რუსული ხელისუფლება თავადვე ამხილოს რუსულ საქმეში რუსეთმა… დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ კიდევ ბევრ ასეთ რამეს გავიგებთ რუსეთისგან ამ ხელისუფლების შესახებ, მათ შორის არ გამოვრიცხავ პეკინში [ლევან] დავითაშვილი [ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრი] მხოლოდ მრავალმხრივ ფორმატში მონაწილეობის მისაღებად არ იყო და ივანიშვილისგან ივანიშვილის მორიგმა პაიკმა მოღალატეობრივი გზავნილები ჩაიტანა პეკინში და ფარული მოლაპარაკებები მორიგ ჯერზე აწარმოა ქვეყნის ოკუპანტთან და საერთაშორისოდ აღიარებულ ტერორისტთან, ვლადიმერ პუტინთან“.  

სალომე სამადაშვილი, „ლელო საქართველოსთვის“, დეპუტატი: ეს ჩანაწერი ადასტურებს იმას, რასაც დიდი ხანია ვამბობთ, რომ აბაშიძე საქართველოს წარმომადგენელი კი არ არის, რუსეთის წარმომადგენელია, კარასინის თანაშემწეა, რომელიც მისგან დავალებებს იღებს, ოღონდ ამ ყველაფერში აბსურდი არის ის, რომ ის ამაში ქართველი ხალხის ჯიბიდან ამოღებული ფულიდან ხელფასს იღებს და რაც მთავარია, არ არსებობს არანაირი ანგარიშვალდებულება, ანუ ის უკონტროლოდ ახორციელებს თავის ფუნქციებს – რუსეთის დავალებების შესრულებას. მე ვაპირებ საკითხის პარლამენტში დასმას – როგორ შეიძლება საზოგადოებამ აიძულოს რუსეთის წარმომადგენელი აბაშიძე ანგარიშვალდებული გახდეს ხალხის წინაშე“.

ბექა ლილუაშვილი, „საქართველოსთვის“,დეპუტატი: მივმართავ საქართველოს პრემიერ-მინისტრს გამოვიდეს და თქვას, როდის იტყუებოდა მაშინ როცა გამოდიოდა და ამაყად ამბობდა – არანაირი ფორმალური მოლაპარაკებები არ ყოფილა ფრენების საკითხზე და ეს რუსეთის ერთპიროვნული გადაწყვეტილება იყოო, თუ ახლა ატყუებენ მთელი ამ პროცესით მოქალაქეებს და მეორე, კიდევ რა არის ის საკითხები, რაზეც აუდიოჩანაწერი ჯერ არ გამოქვეყნებულა… იქნებ სხვა არასახელმწიფოებრივ, ანტიქართულ საკითხებზეც მიდის მოლაპარაკებები, მაგალითად ოჩამჩირის თემაც ამ მოლაპარაკებების ნაწილია“.

პაატა მანჯგალაძე, „სტრატეგია აღმაშენებელი“, დეპუტატი: აბაშიძე-კარასინის ფორმატი უმაქნისია და თვალის ასახვევად არის შექმნილი, თითქოს ამ ფორმატის გარდა კომუნიკაცია რუსეთს „ქართულ ოცნებასთან“ არ აქვს. რა თქმა უნდა, ეს ადასტურებს რომ კომუნიკაციები ამ არხითაც იყო, მაგრამ „ქართულ ოცნებას“ უფრო მჭიდრო, ახლო ურთიერთობა და პირდაპირი კონტაქტი აქვს რუსეთთან, ვიდრე აბაშიძე-კარასინის ფორმატია და ამაზე მეტყველებს ფარცხალაძის… ღარიბაშვილის და ბიძინა ივანიშვილის ოჯახებთან დაახლოებული ადამიანის, რუსეთთან პირდაპირი კონტაქტი“.

ხათუნა სამნიძე, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „რეფორმების ჯგუფი“, დეპუტატი: ის, რომ ასეთი ჩანაწერი გამჟღავნდა და ასეთი ტიპის ურთიერთობებია მე არ მიკვირს. ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელიც როგორც თავად აჟღერებს არამხოლოდ ფრთხილი პოლიტიკით გამოირჩევა რუსეთთან, არამედ მხდალი პოლიტიკითაც გამოირჩევა და აცდენილია ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს. ეს ჩანაწერიც კიდევ ერთი დასტურია სწორედ ამის, რომ ამ ხელისუფლებას მთავარ მიზნად ეროვნული ინტერესი არ აქვს“.

თამარ კორძაია, ოპოზიციონერი დეპუტატი: ის, რომ ამ ქვეყანაში დეზინფორმაციას ავრცელებს ხელისუფლება დადასტურდა…. ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს მაშინდელი განცხადებები ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით, ის რომ აღდგენა მოხდა ცალმხრივად რუსეთის მხრიდან. ჩვენ მაშინ ძალიან მარტივ კითხვებს ვსვამდით… მაგრამ ამაზე არ იყო პასუხი. მათი ეს ტყუილები გამოაშკარავდა“.