პუბლიკაციები
აშშ-ს ნაციონალურმა მუსლიმურმა საბჭომ ჯო ბაიდენს ულტიმატუმი წაუყენა

 საქართველო, 2 ნოემბერი, საქინფორმი. ამერიკის მუსლიმი მოქალაქეებისა და დემოკრატიული პარტიის მხარდამჭერების თქმით, ისინი თავს შეიკავებენ აშშ-ს მომავალ არჩევნებში ჯო ბაიდენის მხარდაჭერასა და მისი საპრეზიდენტო კამპანიის დაფინანსებისგან თუ ის ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას ვერ მიაღწევს.

ნაციონალურმა მუსლიმურმა დემოკრატიულმა საბჭომ, რომლის წევრებიც დემოკრატიული პარტიის ლიდერებიც არიან, მოუწოდა ბაიდენს გამოიყენოს მისი გავლენა და აიძულოს ისრაელი, რომ დათანხმდეს ღაზაში ცეცხლის შეწყვეტაზე.

"ჩვენ შევაჩერებთ დახმარებას და არჩევნებზე ხმას არ მივცემთ იმ კანდიდატს, რომელიც მხარს უჭერს ისრაელის თავდასხმას პალესტინელ ხალხზე. თქვენი ადმინისტრაციის უპირობო მხარდაჭერამ, რომელიც [ისრაელის] დაფინანსებასა და იარაღის მიწოდებაში გამოიხატა, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ძალადობის გახანგრძლივებაში, ამასთანავე, მან შეარყია ამომრჩევლის ნდობა თქვენს მიმართ", – წერია ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ ღია წერილში სათაურით "2023 ცეცხლის შეწყვეტის ულტიმატუმი".

თეთრი სახლის წარმომადგენლების თქმით, წინა ხუთშაბათს ბაიდენი შეხვდა არაბი და მუსლიმი თემის იმ წარმომადგენლებს, რომლებიც შეშფოთებული არიან ბაიდენის მიერ კრიზისის მართვით.

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუს თქმით, ის ვერ დათანხმდება ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას. აშშ ეროვნული უსაფრთხოების პრესმდივნის, ჯონ კირბის თქმით, კი ცეცხლის შეწყვეტა "მომგებიანი მხოლოდ ჰამასისთვისაა".