საქართველო, 31 ოქტომბერი, საქინფორმი. რუსეთის ომი უკრაინაში იმის შეხსენებაა, რაც საქართველომ გამოიარა,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა CBS NEWS-ის გადაცემა „60 წუთში“ განაცხადა.
„ფაქტია, რომ ეს ყოველთვის პირდაპირი საფრთხეა. უკვე რეალობაა, რომ რუსეთი ნიადაგს ტესტავს“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.
კითხვაზე, ფიქრობს თუ არა, რომ რუსები ახლა საქართველოში ნიადაგს ამოწმებენ, სალომე ზურაბიშვილმა დადებითი პასუხი გასცა. „აქ მათი მარტივი გზა ჰიბრიდული ომია“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ საქართველოში ჩამოსული რუსეთის მოქალაქეების შესახებ დასმულ კითხვაზე საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა: „ძალიან გამაღიზიანებელია, როდესაც შენს ქვეყანაში გყავს ხალხი, რომელიც მტრის ენაზე საუბრობს და რომელთაც სჯერათ, რომ საკუთარ სახლში არიან“.
კითხვაზე, რუსებს სჯერათ თუ არა, რომ სახლში არიან, სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, „რომ ისინი ისე იქცევიან, რომ სჯერათ, სახლში არიან“.
„უნდა შენარჩუნდეს ზღვარი, რათა მომავალში არ გვქონდეს ისეთი ინციდენტები, რომლებიც რუსეთს საშუალებას მისცემს, გამოიყენოს თავისი საყვარელი დოქტრინა რუსულენოვანი მოქალაქეების დაცვის შესახებ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
კითხვაზე, რატომ არ ამბობს საქართველო უარს რუსეთის მოქალაქეების შემოშვებაზე, საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ „ეს ხელისუფლების საკითხია“. მისივე თქმით, სამწუხაროდ, თავად არ აქვს აღმასრულებელი უფლებამოსილებები.
ჟურნალისტმა გაიხსენა საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტები ევროპაში, რასაც მისი იმპიჩმენტის პროცედურა მოჰყვა. კითხვაზე: „ისე ჩანს, რომ პრემიერ-მინისტრი არ არის დაინტერესებული ევროკავშირში გაწევრიანებით?“ - სალომე ზურაბიშვილმა უპასუხა: „ეს ის კითხვაა, რომელსაც მთელი საზოგადოება სვამს: ეს [ევროკავშირში გაწევრიანება] ისაა, რაც მათ [მთავრობას] ნამდვილად სურს თუ ეს მხოლოდ სიტყვებია?“.
ჟურნალისტი დაინტერესდა, ფიქრობს თუ არა სალომე ზურაბიშვილი, რომ დასავლეთი, განსაკუთრებით კი აშშ საკმარისად გულისხმიერი და მხარდამჭერია ამ გადამწყვეტ მომენტში საქართველოს მიმართ.
„ერთ კონკრეტულ მაგალითს მოვიყვან. უკვე ხუთი წელია, პრეზიდენტი ვარ და ამ დროის განმავლობაში მე ვერ შევძელი საპრეზიდენტო დონის შეხვედრები – იქნებოდა ეს აშშ-ს პრეზიდენტთან თუ ვიცე-პრეზიდენტთან… სატელეფონო საუბარიც კი. მესმის, რომ არსებობს უფრო მწვავე გამოწვევები, მაგრამ, ვფიქრობ, მეტი საჯარო აღიარებაა საჭირო, რომ აშშ მხარს უჭერს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. ვიცი, რომ ეს ის რიტორიკაა, რომელსაც აშშ ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან იყენებს, თუმცა ამის გამეორება უმაღლეს დონეზე საქართველოს მოსახლეობისათვის ძალიან მრავლისმეტყველი და მნიშვნელოვანი იქნება“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
კითხვაზე, რა მოხდება თუ ევროკავშირი უარს ეტყვის საქართველოს კანდიდატის სტატუსზე, სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ „ეს რუსეთის დიდი გამარჯვება იქნება“.