აქტუალური
დიმიტრი პესკოვი: დაღესტანში, მახაჩყალას აეროპორტში განვითარებული მოვლენები გარე ჩარევის შედეგია

 საქართველო, 31 ოქტომბერი, საქინფორმი. მახაჩყალას აეროპორტში განვითარებული მოვლენები გარე ჩარევის შედეგია, მათ შორის საინფორმაციო გავლენის, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

„საყოველთაოდ ცნობილია და აშკარაა, რომ მააჩყალას აეროპორტის ირგვლივ გუშინდელი განვითარებული მოვლენები, მეტწილად, გარე ჩარევის შედეგია, მათ შორის გარედან ინფორმაციის გავლენის შედეგი“, - განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს.

მისი თქმით, „სატელევიზიო კადრების ფონზე, რომლებშიც ნაჩვენებია საშინელება, რაც ხდება ღაზს სექტორში - ადამიანების, ბავშვების, მოხუცების, ექიმების დაღუპვა, არაკეთილსინდისიერებისთვის ძალიან ადვილია სიტუაციის ბოროტად გამოყენება, მისი პროვოცირება და ხალხის აღელვების გამოწვევა“.

შეგახსენებთ, კვირას დაღესტანში, მახაჩყალას აეროპორტში მომიტინგეები მას შემდეგ შეიჭრნენ, რაც იქ ისრაელიდან თვითმფრინავი ჩაფრინდა. უსაფრთხოების ძალებმა აეროპორტი დროებით დახურეს და აქციის მონაწილეები ტერიტორიიდან გაიყვანეს. მომხდართან დაკავშირებით, სამართალდამცავებმა 60 პირი დააკავეს.