აქტუალური
ნიკოლ ფაშინიანი: აზერბაიჯანთან ურთიერთობების დარეგულირების სამი ძირითადი პრინციპი შეთანხმებულია

 საქართველო, 31 ოქტომბერი, საქინფორმი. სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ შეთანხმებულია სამი ძირითადი პრინციპი აზერბაიჯანთან ურთიერთობების დარეგულირებასთან დაკავშირებით. ამის შესახებ ფაშინიანმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის განხილვისას განაცხადა.

სომხეთის ლიდერის თქმით, თუ მხარეები აღნიშნულ პრინციპებს დაიცავენ, სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერა რეალური გახდება.

პირველი პრინციპი მდგომარეობს იმაში, რომ სომხეთმა და აზერბაიჯანმა უნდა აღიარონ ერთმანეთის ტერიტორიული მთლიანობა იმის გათვალისწინებით, რომ სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორია შეადგენს 29 800 კვადრატულ კილომეტრს, ხოლო აზერბაიჯანის – 96 600 კვადრატულ კილომეტრს“, – განაცხადა ფაშინიანმა.

მისი თქმით, მეორე პრინციპი გულისხმობს იმას, რომ ალმათის დეკლარაცია უნდა გახდეს სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციისთვის პოლიტიკური საფუძველი; მესამე პრინციპი კი რეგიონული კომუნიკაციების გახსნას ითვალისწინებს. სომხეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ეს უნდა მოხდეს სუვერენიტეტის, იურისდიქციისა და კანონმდებლობის ურთიერთპატივიცემის პრინციპებზე დაყრდნობთ.

ამას გარდა, სომხეთის მთავრობის მეთაურმა იმედი გამოთქვა, რომ სომხეთსა და თურქეთს შორის საზღვრის გახსნის შეთანხმება უახლოეს მომავალში შესრულდება.

ვიმედოვნებ, უახლოეს მომავალში განხორციელდება შეთანხმებები, რომლებიც მიღწეული იყო სომხეთისა და თურქეთის სპეციალური წარმომადგნლების შეხვედრების შედეგად“, – აღნიშნა ფაშნიანმა.

როგორც პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, სომხეთისა და თურქეთის საზღვარი ამ ეტაპზე უნდა იყოს ღია მესამე ქვეყნების მოქალაქეებისა და დიპლომატიური პასპორტების მქონე პირებისთვის.