პოლიტიკა
მანანა მანჯგალაძე: „ფოტორეპორტიორების დაკავება უზარმაზარი დარტყმა და ძალიან სამწუხარო ფაქტი იყო პირადად პრეზიდენტისთვის“

manjgaladzeამის შესახებ პრეზიდენტის პრესსპიკერმა დღევანდელ ბრიფინგზე ფოტორეპორტიორების საქმის კომენტირებისას განაცხადა და იქვე დასძინა, რომ მისთვის ამ საკითხზე საუბარი მძიმეა. „პირველად ვაძლევ თავს უფლებას და ჩემს პირად დამოკიდებულებას ვაცხადებ თქვენ წინაშე, მაგრამ მინდა, ვთქვა, რომ ეს ძალიან მტკივნეული და მძიმე თემაა ჩემთვის და შოკისმომგვრელი იყო თითოეული აქ მომუშავე ადამიანისთვის“, – განაცხადა მანჯგალაძემ.

მისივე თქმით, პრეზიდენტის ადმინისტრაცია ხაზს უსვამს, რომ ამ დაკავებებს არავითარი კავშირი არ აქვს მედიის თავისუფლების თემასა და ჟურნალისტური საქმიანობის შეზღუდვასთან. „დაკავებულთაგან ორი საჯარო მოხელეა და მათ დაკავებას კავშირი არ აქვს მათ პროფესიულ საქმიანობასთან. ჩვენ ვართ ქვეყანა, სადაც სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება დაცულია მოქმედი კანონმდებლობით. ამჟამად, როგორც თქვენთვის არის ცნობილი, გრძელდება გამოძიება და მიმდინარეობს სხვა სამართლებრივი პროცედურები“, – განაცხადა მანჯგალაძემ.

რაც შეეხება პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ ბრალდებების წაყენებამდე გაკეთებული განცხადებების საფუძველს, მანანა მანჯგალაძემ აღნიშნა, რომ ფოტორეპორტიორების დაკავებისთანავე ყველას ჰქონდა შესაძლებლობა, მათ შორის, პრეზიდენტის ადმინისტრაციას, გასცნობოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ განცხადებას და პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადება სწორედ მერაბიშვილის უწყების ინფორმაციას ეფუძნებოდა.

 

საქინფორმი