აქტუალური
სენატის საგარეო ურთიერთობათა ქვეკომიტეტმა შავ ზღვაზე მოსმენა გამართა და საქართველოზე იმსჯელა

 საქართველო, 30 ოქტომბერი, საქინფორმი. 25 ოქტომბერს, აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ევროპისა და რეგიონული უსაფრთხოების თანამშრომლობის ქვეკომიტეტმა მოსმენა გამართა თემაზე „შავი ზღვის რეგიონში სახელმწიფო დეპარტამენტის უსაფრთხოების სტრატეგიის შეფასება“. მოსმენაზე, რომელსაც სენატორი ჯინ შაჰინი თავმჯდომარეობდა, სიტყვით გამოვიდა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ჯეიმს ობრაიენი, რომელმაც შავ ზღვასთან მიმართებით სახელმწიფო დეპარტამენტის სტრატეგიაზე ისაუბრა და სენატორების, მათ შორის ჯინ შაჰინისა და პიტ რიკეტსის კითხვებს უპასუხა.

ობრაიენის თქმით, აშშ-ის სურვილია, იხილოს შავზღვა, რომელიც იქნება უსაფრთხო, აყვავებული, დემოკრატიული და გლობალურად დაკავშირებული მსოფლიოს ბაზრებთან“. მოსმენის დროს საქართველოს თემამაც გაიჟღერა.

სხდომის გახსნისას, სენატორმა შაჰინმა ხაზი გაუსვა, რომ შავი ზღვა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის ყურადღების ცენტრშია. მან პუტინის „აგრესიულ დღის წესრიგსა და ისტორიის რევიზიონიზმზე“ ისაუბრა და განაცხადა, რომ საქართველო მისი „რევანშისტული პოლიტიკის“ პირველი სამიზნე იყო.

განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას, შაჰინმა განაცხადა, რომ „2008 წელს პუტინმა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ანექსია განახორციელა, რადგან საქართველო დემოკრატიისკენ მიიწევდა. 2014 წელს მან უკანონოდ მოახდინა ყირიმის ანექსია, როდესაც უკრაინელებმა ევროკავშირის წევრობის მხარდაჭერა გამოხატეს. 2022 წელს პუტინი კვლავ შეიჭრა უკრაინაში, როდესაც მიხვდა, რომ მისი დაშინების ტაქტიკა არ იმუშავებდა“.

სენატორმა შაჰინმა გააფრთხილა, რომ რუსეთის უკონტროლო ქცევა გავლენას ახდენს შავი ზღვის ქვეყნების უსაფრთხოებასა და ეკონომიკაზე.

შემდეგ, სენატორმა შაჰინმა უკრაინასთან დაკავშირებულ მოვლენებზე განაგრძო საუბარი და დასძინა, რომ ჩვენ გვჭირდება ყოვლისმომცველი უწყებათაშორისი სტრატეგია ამ რეგიონის მიმართ. ამიტომაც, სენატის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტი წელს მოიცავს დებულებას, რომელიც სწორედ ამას მოითხოვს – შავი ზღვისთვის ყოვლისმომცველ უწყებათაშორის სტრატეგიას“.

სენატორ შაჰინის შემდეგ სიტყვა სენატორ პიტ რიკეტსს გადაეცა, რომელმაც განაცხადა, რომ პუტინს არაფერი სურს იმაზე მეტად, ვიდრე შავი ზღვის რუსეთის ტბად და მისი საჰაერო სივრცის აკრძალულ ზონად გადაქცევა“, მაგრამ უკრაინის თავდასხმებმა რუსეთის სანაქებო საზღვაო დომინანტობა ეჭვქვეშ დააყენა ისე, რომ ახლა ის აფხაზეთში სეპარატისტ მეგობრებში ეძებს ადგილს ახალი სამხედრო-საზღვაო ბაზისთვის“.

სენატორი რიკეტსის თქმით, „საქართველომ ცალსახად უნდა უარყოს რუსეთის ძალაუფლების თამაში თავის სუვერენულ ტერიტორიაზე“.

რიკეტსმა ასევე გააფრთხილა, რომ ჩინეთის სურვილი, გააფართოვოს რეგიონში თავისი გავლენა, ყურადღების მიღმა არ უნდა დარჩეს. სენატორმა განაცხადა, რომ შავიზღვისპირელმა მოკავშირეებმა და პარტნიორებმა მკაფიო გზავნილი უნდა გაუგზავნონ პეკინს, რომ მის მავნე გავლენას ადგილი არ აქვს შავ ზღვის რეგიონში.

სენატორ ჯინ შაჰინის კითხვაზე, თუ როგორ მუშაობს შეერთებული შტატები საქართველოს დემოკრატიის უზრუნველსაყოფად მომავალი წლის საპარლამენტო არჩევნების კონტექსტში, სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ობრაიენმა განაცხადა, რომ აშშ, 2024 წლის არჩევნებისთვის გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის გაგზავნის გადაწყვეტილებამდე, გაეროს არჩევნებისთვის მოსამზადებელი ოფისის პირველად ანგარიშს დაელოდება.

ჩვენ ვიმუშავებთ საქართველოს ხელისუფლებასთან, რათა დავრწმუნდეთ, რომ ეს არჩევნები იქნება მაქსიმალურად თავისუფალი და სამართლიანი, ჩვენი შესანიშნავი პარტნიორების, როგორც საერთაშორისო ორგანიზაციების, რაც მთავარია, ქართველი ხალხის დახმარებით“, – აღნიშნა ობრაიენმა.

რაც შეეხება საქართველოს კანდიდატის სტატუსს, მან განაცხადა, რომ საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა მხარს უჭერს ევცროკავშირში ინტეგრაციას, მაგრამ საკითხავია, ბიზნესების მცირე ჯგუფი და სხვები, რომლებსაც აქვთ გარკვეული პოლიტიკური გავლენა, ამჯობინებენ თუ არა რუსეთსა და დასავლეთს შორის, რუხ ზონად ყოფნას“. ობრაიენის თქმით, ჩვენი გამოწვევაა, მივუთითოთ ხალხს ყოველ ჯერზე: ახლა არის გარდამტეხი წერტილი, როცა გადაწყვეტილება უნდა იქნას მიღებული. ამიტომ, ჩვენ დავაწესეთ გარკვეული სანქციები და წამოვაყენეთ გარკვეული მოთხოვნები რეფორმებთან დაკავშირებით“.

სენატორი შაჰინი მოსმენაზე ასევე შეეხო თემას ანაკლიაში პორტის განვითარებისთვის ჩინეთის „შემაშფოთებელი“ ძალისხმევის შესახებ და იკითხა, თუ როგორ უჭერს მხარს აშშ საქართველოს მედეგობის შენარჩუნებაში. მდივნის თანაშემწე ობრაიენმა განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა მკაფიოდ განაცხადა, რომ კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა არ უნდა ეკუთვნოდეს სახელმწიფოებს, რომლებიც იპარავენ ან იქვემდებარებენ ქვეყნებს, სადაც მუშაობენ” და ეს მოიცავს ისეთი ტიპის საპორტო ობიექტებს, როგორიც ანაკლიაა”.

ო’ბრაიენმა აღნიშნა, რომ შეერთებულმა შტატებმა ძალიან დიდი სესხი გამოყო ფოთის პორტში მდებარე ობიექტზე და აშშ მუშაობს სხვა ობიექტების განვითარებაზე საქართველოში, რათა მათ შეძლონ გაცილებით მეტი ტრაფიკის მართვა“.

ეს ნაწილობრივ იმას ნიშნავს, რომ საჭიროა კონკურენციის უზრუნველყოფა, მაგრამ ასევე იმას, რომ ანაკლიას უნდა აკონტროლებდეს კომპანია, რომელიც მზადაა იმუშავოს კანონის უზენაესობის შესაბამისად, და ჩვენ კვლავაც დაჟინებით მოვითხოვთ ამას“, – დასძინა ობრაიენმა.