აქტუალური
არჩილ თალაკვაძე ყირიმის საერთაშორისო პლატფორმის სამიტზე სოლიდარობის შესახებ საუბრობს

 საქართველო, 30 ოქტომბერი, საქინფორმი. საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი, არჩილ თალაკვაძე ყირიმის საერთაშორისო პლატფორმის მეორე საპარლამენტო სამიტზე სიტყვით გამოვიდა.

ძვირფასო პარტნიორებო, დროა გადადგათ შემდგომი ქმედითი ნაბიჯები უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვას ევროპულ ოჯახში მისაღებად. მხოლოდ ეს არის რეალური გარანტია იმისა, რომ ახალი თაობები იცხოვრებენ მშვიდობიან და უსაფრთხო რეგიონში. ჩვენ უკვე გავაკეთეთ არჩევანი ევროინტეგრაციისკენ და ჩვენი ქვეყნები ევროპასთან საერთო ღირებულებების, სტაბილურობისა და თანამშრომლობისკენ ისწრაფვიან. უკრაინამ, საქართველომ და მოლდოვამ უნდა მიიღონ მკაფიო საგზაო რუკა ევროკავშირის წევრობისთვის. ჩვენ ერთად, შეგვიძლია ვიყოთ უფრო ძლიერი ევროპა“, – განაცხადა თალაკვაძემ.

მისი თქმით, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის მონაწილეობა სამიტში კიდევ ერთხელ ცხადყოფს ჩვენი ქვეყნის მტკიცე მხარდაჭერას უკრაინელი ხალხის მიმართ, რომელიც გმირულად იბრძვის თავისუფლებისთვის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის, იბრძვის მთელი ევროპის მომავლისთვის“. მან ასევე განაცხადა, რომ უკრაინაში სრულმასშტაბიანი და უკანონო შეჭრიდან ორი წლის შემდეგ, საქართველო საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად, განაგრძობს უკრაინელი ხალხის გვერდით დგომას. თალაკვაძის თქმით, საქართველომ უკრაინას ჰუმანიტარული დახმარება მიაწოდა, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ კიევში, ასევე სოლიდარობის გამოსახატად – ბუჩასა და ირპინში. ომის დაწყებიდან დღემდე, საქართველოს საელჩოს მუშაობა არ შეუწყვეტია და ქართველი დიპლომატები კიევში განაგრძობდნენ მუშაობას“, – აღნიშნა მან.

უკრაინელი ლტოლვილები საქართველოში სარგებლობენ იგივე შეღავათებით, როგორც ქართველი იძულებით გადაადგილებული პირები. ჩვენ გავხსენით სკოლები უკრაინელი ბავშვებისთვის, სადაც ისინი სწავლას აგრძელებენ მშობლიურ ენაზე“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მან ასევე აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ქვეყანა თავად არის ეგზისტენციური საფრთხის ქვეშ და ჩვენი ორი, ისტორიული რეგიონი რჩება რუსეთის მიერ ოკუპირებული, ჩვენ ვასრულებთ ვალდებულებებს მეგობრების წინაშე, როგორც ქართველი, ისე უკრაინელი ხალხის სახელით. საქართველოს მხარდაჭერა უკრაინისადმი უპირობოა და გრძელდება. ამიტომ, ჩვენ აქ ვართ, არა მხოლოდ სხვადასხვა ერის წარმომადგენლები, არამედ როგორც ერთი ხმა და ერთი მთლიანი ოჯახი – დროა, ვაჩვენოთ ძალა, რომელიც ჩვენს დემოკრატიებს გააჩნია“.