უცხოეთი
ანტონიო გუტერეში - შოკირებული ვარ ზოგიერთი ჩემი განცხადების არასწორი ინტერპრეტაციით, თითქოს „ჰამასის“ ტერაქტებს ვამართლებ, ეს სიცრუეა

 საქართველო, 26 ოქტომბერი, საქინფორმი. შოკირებული ვარ ჩემი ზოგიერთი გუშინდელი განცხადების არასწორი ინტერპრეტაციით, თითქოს „ჰამასის“ ტერაქტებს ვამართლებ, – ამის შესახებ გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა მედიასთან განაცხადა, სადაც უსაფრთხოების საბჭოს სხდომაზე გამოთქმულ განცხადებებთან დაკავშირებით განმარტებები გააკეთა.

აღსანიშნავია, რომ გუტერეშის გამონათქვამმა, რომ „პალესტინელი ხალხი უკვე 56 წელია, რაც მგუდავ ოკუპაციას განიცდის“ ისრაელის აღშფოთება გამოიწვია. გუტერეშის თქმით, „ჰამასთან“ დაკავშირებით მისი ნათქვამი არასწორად იყო აღქმული.

„შოკირებული ვარ ჩემი ზოგიერთი გუშინდელი განცხადების არასწორი ინტერპრეტაციით. თითქოს, მე „ჰამასის“ ტერაქტებს ვამართლებ, ეს სიცრუეა. პირიქით, გუშინდელი გამოსვლისას, მე მკაფიოდ განვაცხადე, რომ ცალსახად ვგმობ „ჰამასის“ მიერ საშინელ და უპრეცედენტო ტერორისტულ თავდასხმას ისრაელზე. ვერაფერი გაამართლებს მიზანმიმართულ მკვლელობებს, მოქალაქეთა გატაცებებს და სამშვიდობო ობიექტებზე სარაკეტო თავდასხმებს. ნამდვილად, მე ვისაუბრე პალესტინელი ხალხის მწუხარებაზე და ვციტირებ: „პალესტინელი ხალხის მწუხარება ვერ ამართლებს „ჰამასის“ საშინელ თავდასხმებს“, – განაცხადა გუტერეშმა.

გუშინ მედიაში გავრცელდა გაერო-ს გენერალური მდივნის განცხადება, სადაც აღნიშნულია: „მნიშვნელოვანია იმის აღიარება, რომ „ჰამასის“ თავდასხმები არ მომხდარა ვაკუუმში, პალესტინელი ხალხი 56-წლიან მგუდავ ოკუპაციას ექვემდებარება.“ გაერო-ში ისრაელის წარმომადგენელმა, გილად ერდანმა, გუტერეშის განცხადებებს „შოკის მომგვრელი“, „საშინელი“ და „რეგიონის რეალობისგან სრულიად მოწყვეტილი“ უწოდა და ანტონიო გუტერეშის დაუყოვნებლივ გადადგომა მოითხოვა.

1tv.ge