საზოგადოება
საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩს საზოგადოებრივი მაუწყებელი პირდაპირ ეთერში არ გააშუქებს!

zestafonis-logo-REz13 ივლისს უეფას ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი ზესტაფონის „ზესტაფონსა“ და მოლდოვას „დაჩიას“ შორის გაიმართება.
საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი, სხვა მატჩებისგან განსხვავებით, ამ შეხვედრის პირდაპირ ტრანსლაციას არ შემოგვთავაზებს. როგორც პირველი არხის სპორტული რედაქციის პროდიუსერი დავით მინაშვილი ამბობს, მიზეზი დროში შეუთანხმებლობაა.
დავით მინაშვილი: „ზესტაფონმა“ უარი განაცხადა, ეთამაშა 21:00 საათზე,  ჩვენ დროში შეუთანხმებლობის პრობლემა არ გვქონია „დინამოსთან“, „ოლიმპსა“ და „გაგრასთან“.
„ზესტაფონში“ კი ამბობენ, რომ ამ მატჩისადმი საკუთარი კომერციული ინტერესები აქვთ და მიზეზი ეს უფროა.

სერგო ფუტკარაძე, „ზესტაფონის“ პრესატაშე: „ეს შეხვედრა საკმაოდ დიდ ინტერესს იწვევს. ჩვენ გვქონდა საუბარი პირველ არხთან დროსთან დაკავშირებით, მაგრამ როცა ჩვენ ვუთხარით მათ წარმომადგენლებს, რომ ამ თამაშთან დაკავშირებით კომერციული ინტერესები გვაქვს, აღარავინ შეგვხმიანებია. იმასაც ამბობენ, რომ „ზესტაფონმა“ კოლოსალური თანხა მოითხოვა, თუმცა ეს სიმართლეს არ შეესაბამება. ჩვენ თანხა საერთოდ არ დაგვისახელებია“.
ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც საზოგადოებრივი მაუწყებელი და კლუბი თამაშების ტრანსლირებასთან დაკავშირებით დროში ვერ თანხმდებიან ეროვნული ჩემპიონატის მატჩებზეც.
შეგახსენებთ, რომ მატჩი 20:00 საათზე დაიწყება და, სამწუხაროდ, მისი ხილვა მხოლოდ სტადიონზე იქნება შესაძლებელი, სადაც ბილეთები უკვე მთლიანად გაყიდულია.
როგორც საქინფორმისთვის გახდა ცნობილი, 15 და 20-ლარიანი ბილეთები ქართველ მაღალჩინოსნებს გადაეცათ, ხოლო კლუბის ფეხბურთელები ხელმძღვანელობამ მოსაწვევების გარეშე დატოვა. მათ არც იმის უფლება მიეცათ, თავად შეეძინათ ოჯახის წევრებისთვის მატჩზე დასასწრები ბილეთი. ყველაზე იაფი 7 და 10-ლარიანი ბილეთები იყო, რომლეიც პირველსავე დღეს გაიყიდა.
საინტერესო მხოლოდ ისაა, რომ „ზესტაფონის“ ხელმძღვანელობას სწორედ დეპუტატები და მაღალჩინოსნები უშლიდნენ ხელს ბოლო პერიოდში და როგორ უქომაგებენ გუნდს, თამაშზე გამოჩნდება. ბევრი ადგილობრივი ჭეშმარიტი ქომაგი კი ბილეთებზე დაწესებული მაღალი ფასის გამო გარეთ დარჩება. მათ ნაცვლად ქართველი მაღალჩნოსნები „არ დაიშურებენ“ ოვაციებს ზესტაფონელების მიმართ.

 

საქინფორმი