აქტუალური
პრეზიდენტი სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა

 საქართველო, 24 ოქტომბერი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 23 ოქტომბერს ორბელიანების სასახლეში არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან დახურული შეხვედრა გამართა. სამსაათიანი შეხვედრის შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ განხილვის მთავარი თემა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად საჭირო ნაბიჯები იყო.

შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა პირდაპირ არ უპასუხეს კითხვას აპირებს, თუ არა პრეზიდენტი უცხოური ვიზიტების გაგრძელებას.

ეკა გიგაური, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“-ს აღმასრულებელი დირექტორი: თქვენ იცით, რომ ხშირად გვიწევს სხვადასხვა ვიზიტები, მათ შორის ევროპის სხვადასხვა დედაქალაქებში, აქ პრინციპში მანაც განაცხადა ის, რომ ზოგადად ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობა და ყოველ ვიზიტზე შევხვდეთ იმ კონკრეტულ ადამიანებს, რომლებმაც შეიძლება სტატუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღონ… არ ვიცი ფიზიკურად წავა თუ არა, ეგ ნამდვილად არ ვიცი, თუმცა ის, რომ თავის ამ ყველა კავშირებს გამოიყენებს, ეს არის ფაქტი და მას აქვს ნამდვილად უფრო მეტი კავშირი, ვიდრე მმართველ პარტიას და უფრო სერიოზული გავლენები ევროპულ ლიდერებზე, ვიდრე მმართველ პარტიას და, რა თქმა უნდა, იგი ამ ყველაფერს გამოიყენებს, იგი არ დაიხევს უკან.

ნინო ლომჯარია, ყოფილი სახალხო დამცველი, საზოგადოებრივი პლატფორმა „საქართველოს ევროპული ორბიტა“-ს დამფუძნებელი: შეიძლება გარკვეული მიმართულებებით ერთადაც მუშაობა, შეიძლება გარკვეული მიმართულებებით ცალ-ცალკე, თუმცა ერთგვარი კოორდინირებით. გადამწყვეტი მომენტი დგება, ორ თვეში მაქსიმუმ ჩვენ გვექნება პასუხი სტატუსთან დაკავშირებით. სტატუსის მიღების შემდგომ არის მთავარი სამუშაო გასაკეთებელი, ამაზეც ვისაუბრეთ, რა თქმა უნდა, თუმცა დღეს იყო უფრო [საუბარი], ვხედავთ თუ არა ერთნაირად მომავალ პერიოდს და ჩვენს როლს ამ პერიოდში. მისი კონკრეტული გეგმები არ გაუცნია, მაგრამ როგორც ვიცი გახდება უახლეს პერიოდში საჯაროდ ცნობილი“.

თინა ხიდაშელი, არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეის“ თავმჯდომარე: რა თქმა უნდა, თუ საჭიროება დადგა ამისი, სალომე ზურაბიშვილი მზად არის, რომ გააგრძელოს ურთიერთობა ყველა ევროპული სახელმწიფოს, და არა მხოლოდ ევროპული, ყველა საქართველოს მეგობარი სახელმწიფოს ლიდერთან. თუმცა, 8 ნოემბრამდე, სანამ კომისიის დასკვნა გამოქვეყნდება, ცოტა დროა დარჩენილი და ეხლა, რა თქმა უნდა, მთავარი არის, რომ თბილისიდან წასული გზავნილები, ყოველ შემთხვევაში იმ ადამიანებისგან, ვინც ერთმნიშვნელოვანად ევროპული ინტეგრაციის მომხრეა, რაღაცნაირად სისტემატიზირებული და კოორდინირებული იყოს“.