საქართველო, 24 ოქტომბერი, საქინფორმი. საქართველო 3+3 ფორმატის შეხვედრაში მონაწილებას არ მიიღებს, ამის თაობაზე „სამოქალაქო საქართველოს“ საგარეო საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
ინიციატივა ე.წ. 3+3 პლატფორმაზე, რომელშიც სამხრეთ კავკასიის სამი ქვეყანა საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი, ასევე მათი დიდი მეზობლები რუსეთი, თურქეთი და ირანი უნდა გაერთიანებულიყვნენ, მოსკოვს და თეირანს ეკუთვნის. „საქართველო არ მონაწილეობს აღნიშნულ შეხვედრაში და არც არასდროს მიუღია მონაწილეობა“, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ.
ირანის საინფორმაციო სააგენტო IRNA-ს ინფორმაციით, თეირანი 3+3 პლატფორმის მეორე შეხვედრას 23 ოქტომბერს უმასპინძლებს, სადაც მონაწილეები „სამხრეთ კავკასიის რეგიონის, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მშვიდობიანი მოლაპარაკებების და პოლიტიკის, ეკონომიკის, უსაფრთხოების, ტრანზიტისა და ენერგეტიკის სფეროებში რეგიონული თანამშრომლობის გაფართოების საკითხებს განიხილავენ“.
3+3 პლატფორმის პირველი შეხვედრა მოსკოვში 2021 წელს გაიმართა. ქართულმა დელეგაციამ შეხვედრაში მონაწილეობა არ მიიღო იმ მოტივით, რომ ვერ დაესწრება შეხვედრას, რომელსაც რუსეთის ფედერაცია მასპინძლობს – ქვეყანა, რომელიც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას არ აღიარებს. მიუხედავად ამისა, მოსკოვში შეხვედრის ადგილას საქართველოს დროშები გამოიფინა რამაც ოფიციალური თბილისის შეშფოთება გამოიწვია. 2022 წლის იანვარში, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთის ხელისუფლებამ სთხოვა თურქეთს, სომხეთს და აზერბაიჯანს, რომ საქართველოს 3+3 ფორმატში გაწევრიანების სარგებელი განუმარტონ.