რელიგია
მართლმადიდებელი ეკლესია სიმშვიდისკენ მოუწოდებს

gpcსაქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდმა გამოთქვა რა „უკმაყოფილება“ რელიგიური უმცირესობებისათვის სამართლებრივი სტატუსის მინიჭების შესახებ საკანონმდებლო ცვლილებების მიღების ფორმებთან დაკავშირებით, სასულიერო პირებსა და მრევლს, „მღელვარების მიზეზების“ მიუხედავად, „სიმშვიდისაკენ“ მოუწოდა, ხოლო ხელისუფლებას – სამომავლოდ რელიგიასთან დაკავშირებული საკითხების საპატრიარქოსთან შეთანხმებისკენ.

„ანალოგიური საკითხების განხილვისას წინასწარი კონსულტაციები გაიმართოს საქართველოს საპატრიარქოსთან, რათა, აღნიშნული თემის სიფაქიზიდან და სპეციფიკურობიდან გამომდინარე, თავიდან იქნეს აცილებული შესაძლო გართულებები“, – ნათქვამია წმიდა სინოდის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაში.

აქვე ნათქვამია, რომ მართლმადიდებელი ეკლესია აღიარებს, რომ „საქართველოში მცხოვრები ყველა რელიგიური აღმსარებლობის ადამიანი, ისევე, როგორც რელიგიური გაერთიანებები, თანასწორია კანონის წინაშე“ და რომ მისი „განსაკუთრებული სამართლებრივი სტატუსი არ ზღუდავდა სხვა რელიგიურ გაერთიანებათა აღმსარებლობის თავისუფლებასა და კანონის წინაშე თანასწორობას“.

წმიდა სინოდი თავის გადაწყვეტილებაში ასევე მოუწოდებს, „დაიწყოს სამთავრობო მოლაპარაკებები ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ არსებულ საქართველოს საპატრიარქოს ეპარქიების სტატუსსა და ქონებრივ საკითხებთან დაკავშირებით“ და გააქტიურდეს მთავრობის საქმიანობა საზღვარგარეთ არსებული ძეგლების მოვლა-პატრონობის მიმართულებით. ამ შინაარსის დებულებას ითვალისწინებდა სამოქალაქო კოდექსში მიღებული ცვლილებების შესახებ კანონპროექტი, თუმცა მმართველმა პარტიამ საპატრიარქოსთან შეუთანხმებლობის მოტივით კანონი მის გარეშე დაამტკიცა.

თუმცა ეს დებულება ასახულია 2002 წელს მართლმადიდებელ ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის გაფორმებულ საკონსტიტუციო შეთანხმებაში, რომელიც აღიარებს ეკლესიის განსაკუთრებულ როლს.

წმიდა სინოდი თავის გადაწყვეტილებაში ამ კონსტიტუციური შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების მონიტორინგის მიზნით კომისიის შექმნის აუცილებლობაზეც საუბრობს.

მეუფე იობმა, ურბნისისა და რუისის ეპარქიის მიტროპოლიტმა, კრების დასრულების შემდეგ ჟურნალისტებისთვის მიცემულ მოკლე კომენტარში აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება „ორმხრივად კომპრომისულია“.

„ორმხრივად კომპრომისული ნიშნავს, რომ შეთანხმებულად მოხდა გადაწყვეტილება. ისეთი გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომ მომავალში ეკლესიას და სახელმწიფოს დადებითად წაადგება“, – აღნიშნა მან.

მეუფე სერაფიმემ, ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქიის მიტროპოლიტმა, ურნალისტებს განუცხადა, რომ სინოდის სხდომაზე იმყოფებოდა მმართველი პარტიის დეპუტატი ლაშა თორდია.

„წმიდა სინოდის წინაშე განაცხადა ოფიციალურად ბატონმა ლაშა თორდიამ, რომ ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას ღვთის წინაშე და თქვენ წინაშე და ჩვენ, მთავრობა, არ ვანიჭებთ იმ უფლებებს, ამ კანონის მიხედვით, სხვა რელიგიებს, რა უფლებებიც გააჩნია ქართულ ეკლესიას“, – განუცხადა მეუფე სერაფიმემ ჟურნალისტებს.

საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც რელიგიური უმცირესობებს საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დარეგისტრირების საშუალებას აძლევს, ღია დაპირისპირების ერთ-ერთ ყველაზე დიდ წყაროდ იქცა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასა და პრეზიდენტ სააკაშვილის ადმინისტრაციას შორის.

შაბათსა და კვირას მართლმადიდებელმა მრევლმა სამღვდელოების წარმომადგენელთა წინამძღოლობით თბილისში ფართომასშტაბიანი მსვლელობები მოაწყო მიღებული საკანონმდებლო ცვლილებების წინააღმდეგ და ეკლესიის დაცვის მოტივით.

საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ და კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ამ ბოლო დღეებში რამდენჯერმე განაცხადეს, რომ ისინი რელიგიური უმცირესობებისთვის სამართლებრივი სტატუსის მინიჭების წინააღმდეგი არ იყვნენ. თუმცა ქართული ეკლესია საკითხზე დეტალური და ხანგრძლივი განხილვისკენ მოუწოდებდა და ითხოვდა, ქართულ ეკლესიასაც მინიჭებოდა ანალოგიური სამართლებრივი სტატუსი მეზობელ ქვეყნებში, კერძოდ, სომხეთში. ილია მეორემ, ასევე, განაცხადა, რომ მიღებული კანონი „საშიში“ იყო.

ხელისუფლებამ არ გაითვალისწინა ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის მოწოდებები, რომ არ ეჩქარა საკანონმდებლო ცვლილებების მიღება. პარლამენტმა კანონში ცვლილებები ხუთ დღეში სამი მოსმენით მიიღო, მაშინ, როცა მეორე და მესამე მოსმენები ერთ დღეში, 5 ივლისს გაიმართა. კანონპროექტს იმავე დღეს პრეზიდენტმა სააკაშვილმა მოაწერა ხელი, ხოლო 6 ივლისს იგი ძალაში შევიდა.

 

საქინფორმი