„ჟენევაში მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში (მსო) რუსეთის გაწევრებასთან დაკავშირებით ქართულ-რუსული მოლაპარაკებების მესამე რაუნდი გაიმართა, სადაც მხარეებმა მომდევნო შეხვედრა თვის ბოლოსთვის დაგეგმეს“, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძემ.
„დეტალების დაკონკრეტებისგან თავს შევიკავებ, თუმცა გაცნობებთ, რომ მოლაპარაკება შედგა იმდენად, რამდენადაც მხარეები შეთანხმდნენ, რომ თვის ბოლოს გაგრძელდება მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდი“, – განაცხადა მან.
2011 წლის მარტიდან შვეიცარიის შუამავლობით რუსეთმა და საქართველომ რუსეთის მსო-ში გაწევრებაზე მოლაპარაკებების ორი რაუნდი გამართეს. მესამე შეხვედრა ივნისის დასაწყისში იყო დაგეგმილი, თუმცა შუამავლის თხოვნით „ტექნიკური მიზეზების“ გამო გადაიდო.
9-10 ივლისს გამართულ მოლაპარაკებებზე, კალანდაძის ინფორმაციით, ქართულ დელეგაციას, ტრადიციულად, პრემიერ-მინისტრის მრჩეველი თამარ კოვზირიძე და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგი კაპანაძე წარმოადგენდნენ.
პრეზიდენტმა სააკაშვილმა 8 ივლისს „ეხო მოსკვისთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთისთვის „მინიმალური ფასი“ იქნება, თუ ის დათანხმდება თბილისის მოთხოვნას სეპარატისტულ რეგიონებთან სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებზე ტვირთბრუნვის საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმის დაწესებას.
საქინფორმი